გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

მეორე ეზრათავი 1

55 მუხლი · ≈ 6 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1მოუმზადა იოშიამ თავის უფალს პასექი იერუსალიმში და ამსხვერპლა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.

2განაწესა შემოსილნი მღვდელნი უფლის ტაძარში რიგის მიხედვით.

3უთხრა ლევიანებს, ისრაელის მღვდელმსახურთ: განიწმიდეთ თავი უფლისათვის უფლის წმინდა კიდობნის დასავანებლად იმ სახლში, რომელიც ააშენა დავითის ძემ, მეფე სალომონმა.

4მხრებით არ უნდა ატარებდეთ მას. ახლა კი თაყვანი ეცით უფალს, თქვენს ღმერთს და ემსახურეთ მის ერს, ისრაელს და განლაგდით თქვენ-თქვენი მოდგმისა და გვარ-ტომობის მიხედვით, როგორც განაწესა ისრაელის მეფემ დავითმა და მისი ძის სოლომონის უდიდესობამ.

5როცა დადგებით ტაძარში ლევიანების, თქვენ-თქვენ მოდგმათა რიგის მიხედვით, თქვენი ძმების, ისრაელიანების წინაშე,

6ამსხვერპლეთ პასექი და განუმზადეთ მსხვერპლი თქვენს ძმებს და გადაიხადეთ პასექი უფლის მცნების შესაბამისად, რომელიც მისცა მან მოსეს.

7უბოძა იოშიამ იქ მყოფ ხალხს კრავი და თიკანი ოცდაათი ათასი, კურატი - სამი ათასი. ეს ყოველივე მიეცა ერს სამეფოსაგან, აღთქმისამებრ, მღვდლებსაც და ლევიანებსაც

8მისცეს ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ტაძრის წინამძღვრებმა მღვდლებს ორი ათას ექვსასი ცხვარი და სამასი კურატი;

9იექონიამ, შემაყიამ და ნათანიელმა, მისმა ძმამ, და ხაშაბიამ, იეყიელმა და იორამმა, ათასისთავებმა, მისცეს პასექისათვის ხუთი ათასი ცხვარი და შვიდასი კურატი.

10ყოველივე ამის აღსრულების დროს წესისამებრ იდგნენ მღვდლები და ლევიანები,

11ეპყრათ ხმიადები ერის წინაშე ტომთა

12და მოდგმათა რიგის მიხედვით, რათა მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის, როგორც განწესებულია მოსეს წიგნში. და იყო დილის ჟამი.

13შეწვეს პასექი ცეცხლზე, როგორც ეგებოდა, და მოხარშეს მსხვერპლნი სპილენძის ქვაბებში და სხვა ჭურჭელში სურნელოვანი საკმაზითურთ, და დაურიგეს ყველას, ვინც კი იყო ერისაგანი.

14ამის შემდგომ კი მოამზადეს თავისთვის და მღვდლებისთვის, თავისი ძმებისთვის - აარონიანთათვის, რადგან მღვდლებს გვიანობამდე მოჰქონდათ ლურთები, და ლევიანებმა მოამზადეს თავისთვისაც და მღვდლებისთვისაც, თავიანთი ძმებისთვის - აარონიანთათვის.

15მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილებზე იდგნენ მეფე დავითის დადგენილი წესის მიხედვით; ასევე ასაფი, ზაქარია და იედუთუნი, რომლებიც მეფისაგან იყვნენ. მეკარეები თითოეულ კართან, არ უნდა მოსულიყვნენ თავიანთი რიგიდან, რადგან მათი ძმები ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.

16იქმნა ყოველივე, რაც ეგებოდა მსხვერპლშეწირვას უფლისადმი, პასექის აღსრულებისას და მსხვერპლშეწირვას უფლის სამსხვერპლოზე, იოშია მეფის ბრძანებისამებრ.

17შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.

18არ გადახდილა ამგვარი პასექი ისრაელში სამუელ წინასწარმეტყველის დროიდან;

19და არც ისრაელის რომელიმე მეფეს გადაუხდია იმგვარი პასექი, როგორიც გადაიხადეს იოშიამ, მღვდლებმა და ლევიანებმა, იუდაელებმა და მთელმა ისრაელმა, ვინც კი იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა.

20იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი.

21სწორად წარიმართა იოშიას საქმენი უფლის წინაშე და მისი ღვთისმოსავობით სავსე გულით.

22მის დროს აღიწერა წარსულში ღვთის წინაშე შემცოდეთა და უწმიდურთა საქმენი, რომლებიც აღემატებოდა ყველა ხალხისა და სამეფოს საქმეთ, და რითაც შეგნებით შეურაცხყოფდნენ მას და აღსრულდა ღვთის სიტყვები ისრაელზე.

23იოშიას ყველა ამ საქმის შემდგომ გაემართა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, საომრად ქარხემიშში ევფრატზე და გამოვიდა იოშია მის შესახვედრად;

24და წარგზავნა ეგვიპტის მეფემ მასთან მოციქულები და შეუთვალა: რა ჩემი და რა შენი, იუდას მეფევ?

25შენს წინააღმდეგ არ წარმოუგზავნივარ უფალ ღმერთს, არამედ ევფრატზე მელის ჩემი ბრძოლა, ახლა უფალი ჩემთან არის და მასწრაფებს მე; ჩამომეცალე და წინ ნუ აღუდგები უფალს.

26არ უკუიქცა იოშია თავისი ეტლით, არამედ მასთან შებრძოლება გადაწყვიტა, ყურად არ იღო იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები უფლის პირისაგან.

27არამედ ბრძოლა გაუმართა მას მეგიდოს ველზე და გამოვიდნენ მთავარნი მეფე იოშიას წინააღმდეგ.

28უთხრა მეფემ თავის მსახურთ; გამიყვანეთ ბრძოლიდან, რადგან ძალზედ მოვუძლურდი და მსახურებმაც უმალვე გაიყვანეს იგი მწყობრიდან.

29ავიდა იგი თავის მეორე ეტლზე და იერუსალიმში დააბრუნეს, მოკვდა და დაიმარხა მამა-პაპის სამარხში.

30მთელს იუდამი დაიტირეს იოშია, გოდებდა იერემია წინასწარმეტყველიც იოშიასთვის, მთავრები და მათი ცოლები იგლოვდნენ მას ამ დღეს და გადმოეცა ამის ქმნა სამუდამოდ ისრაელის მთელს შთამომავლობას.

31აღწერილია ესენი წიგნში, რომელიც მოგვითხრობს იუდაელ მეფეთა შესახებ; იოშიას საქმენი, მისი დიდება და მისი განსწავლულობა უფლის კანონებში, მისი უწინდელი ქმედებანი და ახლანდელნი ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია მოთხრობილი.

32აიყვანა ხალხმა იექონია იოშიას ძე და დასვა მეფედ მისი მამის იოშიას ნაცვლად; და იყო ოცდასამი წლისა.

33იმეფა იუდასა და იერუსალიმში სამ თვეს და გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ, რათა არ ემეფა იერუსალიმში.

34შეაწერა მის ხალხს ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო.

35დაადგინა ეგვიპტის მეფემ მეფედ იოაკიმი, მისი ძმა. იუდასა და იერუსალიმის მეფედ.

36დაატუსაღა იოაკიმმა დიდებულნი, იოახაზი კი, თავისი ძმა, შეიპყრო და გამოიყვანა ეგვიპტედან.

37ხოლო იოაკიმი ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა იუდაში და იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.

38აღსდგა მის წინააღმდეგ ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, დაადო მას სპილენძის ბორკილი და წაიყვანა ბაბილონში.

39გამოიტანა უფლის წმიდა ჭურჭელი ნაბუქოდონოსორმა, გაზიდა და დააწყო თავის ტაძარში, ბაბილონში.

40იოაკიმის საქმენი, მისი უწმინდურებისა და ურჯულოების ამბები მეფეთა ცხოვრების წიგნშია აღწერილი.

41გამეფდა მის ნაცვლად იოაკიმი, ძე მისი; თვრამეტი წლისა იყო, როდესაც იგი მეფედ დასვეს.

42იმეფა სამ თვეს და ათ დღეს იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.

43ერთი წლის შემდგომ წააყვანინა იგი ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში უფლის წმინდა ჭურჭლითურთ.

44გამოაცხადა ციდკია იუდასა და იერუსალიმის მეფედ. ოცდაერთი წლისა იყო ციდკია და იმეფა თერთმეტ წელს.

45უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში და ყურს არ უგდებდა იერემია წინასწარმეტყველის წარმოთქმულ სიტყვებს უფლის პირისაგან.

46მეფე ნაბუქოდონოსორისაგან ღვთის სახელით ფიცით შეკრულმა, დაარღვია ფიცი და განუდგა, გაიფიცხა თავისი ქედი და გული და შელახა უფლის, ისრაელის ღმერთის კანონები.

47ერის წინამძღვართაც და მღვდლებმაც მრავლად სცოდეს და იბილწეს, გადაამეტეს ყველა ურჯულოთა უწმინდურებას, და შეაგინეს ღვთის კურთხეული ტაძარი იერუსალიმში.

48მიუვლინებდა მათი მამა-პაპის ღმერთი თავის ანგელოზს და მოუწოდებდა მოქცეულიყვნენ, რადგანაც ინდობდა მათ და თავის სამკვიდრებელს.

49ისინი კი დასცინოდნენ მის მიერ მოვლინებულთ, და, როცა არ უნდა ელაპარაკნა უფალს, მასხრად იგდებდნენ მის წინასწარმეტყველებას, ვიდრე თავის ხალხზე მისი ურჯულოების გამო განრისხებულმა არ ბრძანა, აღმდგარიყვნენ მის წინააღმდეგ ქალდეველთა მეფენი.

50მათ მახვილით მოსრეს მათი ჭაბუკები მათივე წმიდა ტაძრის ირგვლივ და არ დაინდეს არც ვაჟი და არც ქალი, არც მოხუცი და არც ჩვილი, არამედ ყველა ხელში ჩაუგდო მათ.

51უფლის მთელი წმიდა ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის კიდობნის ჭურჭელი, და სამეფო საგანძური აიღეს და წარგზავნეს ბაბილონში.

52დაწვეს უფლის სახლი, დაარღვიეს იერუსალიმის კედლები და მათი ციხე-კოშკები ცეცხლს მისცეს.

53იავარ-იქმნა ყოველი დიდება მისი; მახვილს გადარჩენილნი წაასხეს ბაბილონში.

54დაემონენ მას და მის შვილებს სპარსელთა მეფობამდე, რათა აღსრულებულიყო იერემიას მიერ თქმული უფლის სიტყვები:

55ვიდრე გაიხარებდეს ქვეყანა თავისი შაბათებით, დაიცავს შაბათებს თავისი უდაბურ-ყოფის მთელ ხანს სამოცდაათი წელიწადის გასრულებამდე.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →