გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

მეორე ეზრათავი 2

26 მუხლი · ≈ 3 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1სპარსელთა მეფის კიროსის მეფობის პირველ წელს, რათა იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა აღსრულებულიყო, სული აღუძრა უფალმა კიროსს, სპარსელთა მეფეს, და მან აუწყა მთელს თავის სამეფოს სიტყვით და წერილით:

2ამას ამბობს სპარსელთა მეფე კიროსი: მე დამადგინა სამყაროს მეფედ ისრაელის უფალმა, უზენაესმა უფალმა და ნიშანი მომცა, რათა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის.

3ამიტომაც თუ ვინმე არის თქვენში მისი ხალხიდან, მისი უფალი იყოს მასთან, და ავიდეს იერუსალიმში, იუდაში რომ არის და ააშენოს სახლი ისრაელის ღვთისა (იგია უფალი, იერუსალიმში დამკვიდრებული).

4ყოველი კაცი, სადაც არ უნდა სახლობდეს, შეეწიოს მათ ოქროთი და ვერცხლით, ცხენთა და საქონელთა გაღებით და სხვა აღთქმული შესაწირავით უფლის ტაძრისთვის იერუსალიმში.

5აღდგნენ საგვარეულოთა უხუცესნი იუდას ტომიდან და ბენიამინის ტომიდან, მღვდლები და ლევიანები, და ყველანი, რომელთაც სული გაუღვიძა უფალმა წასასვლელად და უფლის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში.

6მათ ირგვლივ მცხოვრებნი შეეწეოდნენ მათ ყველაფრით - ვერცხლით და ოქროთი, ცხენებითა და საქონლით, და ბევრი აღთქმული შესაწირავით მრავალთაგან, რომელთა გონებაც აღძრული იყო.

7მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის წმინდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს იერუსალიმიდან ჰქონდა წამოღებული და თავის საკერპოში დადებული.

8გამოიტანა ისინი კიროსმა, სპარსელთა მეფემ და გადასცა მითრიდატეს, თავის მეგანძურს, მისი მეშვეობით კი გადაეცა შეშბაცარს, იუდას მთავარს.

9მათი რიცხვი იყო: ათასი ოქროს ტაკუკი, ათასი ვერცხლის ტაკუკი, ოცდაცხრა ვერცხლის სასაკმევლე,

10ოცდაათი ოქროს ფიალა, ორი ათას ოთხას ათი ვერცხლისა და სხვა ჭურჭელი - ათასი.

11წამოღებული ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, სულ იყო ხუთი ათას ოთხას სამოცდა ცხრა; მოტანილი იქნა ისინი შეშბაცარის მიერ დაბრუნებულ ტყვეებთან ერთად, ბაბილონიდან იერუსალიმში.

12სპარსელთა მეფის არტაქსერქსეს მეფობის ჟამს მისწერეს მას იუდაში და იერუსალიმში მცხოვრებთა წინააღმდეგ ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა, რეხუმმა და ბეელტეთმოსმა, მწერალმა შიმშაიმ და მათმა დანარჩენმა თანამზრახველებმა, რომელნიც სახლობდნენ სამარიასა და სხვა ადგილებში, შემდეგი წერილი:

13მეფე არტაქსერქსეს, ჩვენს ბატონს, შენი ქვეშევრდომები - მრჩეველი რეხუმი, მწერალი შიმშაი და სხვა მსაჯულნი მათი საბჭოსი კოილე სირიასა და ფინიკიაში.

14აწ ეუწყოს მეფე-ბატონს, რომ თქვენგან წამოსული იუდაელნი ჩვენთან მოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ქალაქს, წინააღმდგომსა და ბოროტს, მოედნებსა და კედლებს აღადგენენ და ტაძარს საძირკველს უყრიან.

15თუ ეს ქალაქი აშენდება და კედლები გასრულდება, არათუ შეწყვეტენ ხარკის გადახდას, არამედ მეფეებსაც წინაღუდგებიან.

16რაკი ტაძრის მშენებლობა მიდის, საჭიროდ მივიჩნევთ არ უგულვებელვყოთ ყოველივე ეს, არამედ ვაუწყოთ მეფე-ბატონს, ხომ არ ინებებს შენი მამა-პაპის წიგნებში ჩახედვას.

17ჰპოვებ მატიანეებში, რაც მათ შესახებ არის ჩაწერილი, და შეიტყობ, რომ ეს ქალაქი მეფეთა მოღალატე იყო და იუდაელები ქალაქთა მაშფოთებელნი, წინააღმდგომნი და მეამბოხენი დასაბამიდან, რა მიზეზითაც მოოხრებულ იქნა ეს ქალაქი.

18გვიუწყებია შენთვის, მეფე-ბატაანო, რომ თუ ეს ქალაქი აშენდება და მისი კედლები აღიმართება, არ გექნება გასასვლელი კოილე სირიასა და ფინიკიაში.

19მაშინ მისწერა მეფემ რეხუმს, გარემოებათა აღმწერელს, ბეელტეთმოსს, მწერალ შიმშაის და სხვა თანმზრახველებს, სამარიაში, არამში და ფინიკიაში მცხოვრებთ შემდეგი:

20წავიკითხე წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ მე.

21ვბრძანე მოძიება და აღმოჩნდა, რომ ეს ქალაქი დასაბამიდან მეფეთა წინააღმდგომი ყოფილა, მისი ხალხი კი მოღალატე და ომების ამტეხი.

22იყვნენ მეფეები იერუსალიმში, ძლიერნი და ულმობელნი, მფლობელნი და ხარკის ამკრეფნი სირიასა და ფინიკიაში.

23აწ მიბრძანებია, რომ მაგ ხალხს აეკრძალოს ქალაქის შენება;

24თვალყური ედევნოს, რათა აღარაფერი კეთდებოდეს და ბოლო მოეღოს მეფეთა შესაწუხებელ ბოროტმოქმდებებს.

25როდესაც წაიკითხეს მეფე არტაქსერქსესაგან მოწერილი, რეხუმი, მწერალი შიმშაი და მათი თანამზრახველნი მოსწრაფებით გაემართნენ იერუსალიმისაკენ ცხენოსანთა თანხლებით და ხალხის ამხედრებით იწყეს მშენებელთა შეპყრობა.

26შეწყდა შენება ტაძრისა იერუსალიმში სპარსთა მეფის დარიოსის მეფობის მეორე წლამდე.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →