გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

მეორე ეზრათავი 6

33 მუხლი · ≈ 4 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1დარიოსის მეფობის მეორე წელს წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარიამ, ყიდოს ძემ, უწინასწარმეტყველეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ იუდაელებს უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით.

2მაშინ ადგა ზერუბაბელი, ძე შალთიელისა და იესო, ძე იოცედეკისა, და იწყეს შენება უფლის სახლისა იერუსალიმში უფლის წინასწარმეტყველთა თანდასწრებით, რომელიც შეეწეოდა მათ.

3ამ დროს გამოეცხადა მათ სისინესი, სირიისა, ფინიკიის განმგებელი, და ბეთარბოზნაი მათი თანამდგომნი და უთხრეს მათ:

4ვისი ნებართვით აშენებთ ამ სახლს და ამ ჭერს, და სხვა დანარჩენს აღასრულებთ? ვინ არიან მაშენებელნი, რომ აღასრულებენ ამას?

5მიიღეს მადლი უფლისგან, ტყვეობაში მყოფთა მფარველისგან, იუდეველთა უხუცესებმა,

6და არ დაუშალეს მათ შენება, ვიდრე არ აუწყებდნენ მათ შესახებ დარიოსს და პასუხს არ მიიღებდნენ.

7პირი წერილისა, რომელიც მისწერა დარიოსს და გაუგზავნა სისინესმა, სირიისა და ფინიკიის განმგებელმა, ბეთარბოზნაიმ და მათმა თანამდგომმა, მთავრებმა სირიასა და ფინიკიაში.

8მეფე დარიოსს, იხარებდე! უნდა გეუწყოს ყოველივე ჩვენს უფალს, მეფეს; როცა მოვედით იუდაელთა ქვეყანაში და შევედით ქალაქ იერუსალიმში, ვპოვეთ ტყვეობიდან გამოსულნი იუდაელთა უხუცესნი, რომლებიც ქალაქ იერუსალიმში აგებენ უფლის ახალ დიდ სახლს ძვირფასი თლილი ქვებით და კედლებში ძელთა დატანებით;

9ეს სამუშაოები თავგამოდებით სრულდება და კარგად მიდის საქმე მათ ხელში და ყოველივე დიდებითა და გულმოდგინებით კეთდება.

10მაშინ ვკითხეთ უხუცესებს და ვუთხარით: ვისი ბრძანებით აშენებთ ამ სახლს და აფუძნებთ ამ საქმეებს?

11ასე ვკითხეთ მათ, რათა გვეცნობებინა და მოგვწერა შენთვის თავკაცთა შესახებ და მოვითხოვდით მათი წინამძღოლების ნუსხას.

12ხოლო მათ პასუხად მოგვიგეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ღვთისა, ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.

13ეს სახლი მრავალი წლის წინათ აშენდა ისრაელის დიდი და ძლიერი მეფის მიერ და დასრულდა.

14როცა ჩვენმა მამებმა განარისხეს და შესცოდეს ზეციერ უფალს ისრაელისას, მისცა ისინი ხელთ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა მეფეს.

15სახლი დაანგრიეს და დაწვეს და ხალხი ტყვედ წაასხეს ბაბილონში.

16მაგრამ ბაბილონის ქვეყანაში კიროსის გამეფების პირველ წელს მეფე კიროსმა ბრძანა ამ სახლის აშენება.

17ოქროსი და ვერცხლის წმიდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმის სახლიდან და დადო თავის საკერპოში, მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან გამოიტანა და გადასცა ზერუბაბელს და მთავარ შეშბაცარს.

18ებრძანა მას დაებრუნებინა მთელი ჭურჭელი და დაედო იერუსალიმის ტაძარში და აეშენებინათ ღვთის ტაძარი მისსავე ადგილას.

19მაშინ შეშბაცარი მოვიდა და დადო საფუძვეღი უფლის სახლისა იერუსალიმში, და იმ დროიდან დღემდე შენდება და არ დასრულებულა.

20აწ, თუ ინებებ, მეფეო, მოიძიონ მეფე-ბატონის სამეფო წიგნთსაცავებში, რომლებიც ბაბილონშია:

21თუ აღმოჩნდება, რომ მეფე კიროსის ნებით შენდებოდა უფლის სახლი იერუსალიმში და ნებავს ჩვენს მეფე-ბატონსაც, გვეუწყოს ამის შესახებ.

22მაშინ ბრძანა მეფე დარიოსმა, ეძებნათ ბაბილონმი არსებულ სამეფო წიგნთსაცავებში და აღმოჩნდა ქალაქ ეკბატანაში, მიდიის ქვეყანაში, ერთი ნაწერი. რომელშიც მოხსენებული იყო შემდეგი:

23კიროსის მეფობის პირველ წელს ბრძანა მეფე კიროსმა აეშენებინათ უფლის სახლი იერუსალიმში, სადაც სწირავენ მსხვერპლს ჩაუქრობელ ცეცხლზე.

24სიმაღლით სამოცი წყრთა, სიგანით - სამოცი წყრთა, თლილი ქვის სამი სახლითა და ერთი ახალი სახლითურთ ადგილობრივი ხისაგან, ხოლო სახსარი გაიცეს კიროს მეფის სახლიდან.

25უფლის სახლის წმინდა ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის სახლიდან წამოიღო ბაბილონში, დაუბრუნდეს იერუსალიმის სახლს, და სადაც შენახული იყო, იქ დაიწყოს.

26ებრძანა სისინესს, სირიისა და ფინიკიის მთავარს, ბეთარ-ბოზნაის და მის თანამდგომთ. სირიასა და ფინიკიაში მმართველად განწესებულთ, რათა განეშორონ იმ ადგილებს და დაანებონ უფლის მორჩილს, ზერუბაბელს, იუდაელთა მთავარს, და იუდაელთა უხუცსებს უფლის სახლის შენება თავის ადგილზე.

27ხოლო მე ვბრძანე სრულად აღაშენონ და თვალი მიადევნონ, რათა შეეწეოდნენ ტყვეობიდან გამოსულ იუდაელებს უფლის სახლის გასრულებამდე.

28კოილე სირიისა და ფინიკიიდან შეკრებილი ხარკიდან გულმოდგინედ ეძლეოდეს ამ ხალხს საუფლო მსხვერპლისათვის, მთავარ ზერუბაბელს ზვარაკებისმ ვაცებისა და კრავებისათვის.

29ასევე ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი განუწყვეტლივ ყოველწლიურად, როგორც იერუსალიმში მყოფი მღვდლები მოითხოვენ სახარჯად ყოველდღიურად, უსიტყვოდ.

30რათა სწირავდნენ საღვრელს მაღალი ღმერთის წინაშე მეფისა და მისი შვილებისათვის და ლოცულობდნენ მათი სიცოცხლისათვის.

31ბრძანა, თუკი ვინმე დაარღვევს რამეს ნათქვამში და დაწერილში, ან შეცვლის, აიღონ ძელი მისივე საკუთრებიდან და მასზე ჩამოჰკიდონ, ხოლო მისი საცხოვრებელი მეფეს გადაეცეს.

32ამის გამო უფალი, ვის სახელსაც უხმობენ იქ, აღხოცავს ყველა მეფეს და ხალხს, რომელიც ხელს აღმართავს დასაბრკოლებლად ან ბოროტების ქმნად უფლის სახლის წინააღმდეგ იერუსალიმში.

33მე მეფე დარიოსს დამიდგენია - იქმნას ურყევად ამის მიხედვით.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →