გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · ისტორიული წიგნები

მეორე ეზრათავი 8

92 მუხლი · ≈ 10 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1ყოველივე ამის შემდგომ სპარსელთა მეფის არტაქსერქსეს მეფობის დროს, მოვიდა ეზრა ძე ზერახიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა სილკიასი, ძისა შალემისა,

2ძისა ცადოკისა, ძისა ახიტობისა, ძისა ამარიასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბოკასი, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინსასისა, ძისა ელყაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა.

3ეს ეზრა მოვიდა ბაბილონიდან როგორც მწიგნობარი, განსწავლული მოსეს რჯულში, რომელიც მიეცა ღვთისაგან ისრაელს.

4და მიაგო მას მეფემ პატივი, და ჰპოვა მან მადლი მის წინაშე ყველა თავის სათხოვარში.

5მოვიდნენ მასთან ერთად ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, მეკარეთაგან და ტაძრის მსახურთაგან იერუსალიმში არტაქსერქსეს მეფობის მეშვიდე წელს, მეხუთე თვეს (და ეს იყო მეშვიდე წელი მეფობისა).

6პირველი თვის ახალმთავრობისას ბაბილონიდან გამოსულნი, მეხუთე თვის ახალ მთვარეზე მოვიდნენ იერუსალიმში, ღვთისგან მოცემული ბედნიერი გზით.

7ხოლო ეზრა დიდად ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა უფლის კანონთა და მცნებათაგან და ესწავლებინა მთელი ისრაელისთვის ყველა სამართალი და მსჯავრი.

8მოვიდა წერილობითი ბრძანებაც მეფე არტაქსერქსესგან ეზრა მღვდლისა და საღვთო რჯულის მკითხველისადმი, რომლის პირიც შემდეგია:

9მეფე არტაქსერქსე ეზრას, მღვდელსა და საღვთო რჯულის მკითხველს, იბარებდე:

10კაცთმოყვარებით განმიკითხავს და მიბრძანებია: ვისაც კი სურს იუდას ხალხიდან - მღვდლებს და ლევიანებს, ჩვენს სამეფოში, მყოფთ, შენთან ერთად წავიდნენ იერუსალიმში.

11ამგვარად, წადილის მქონენი ერთად გაემართეთ, როგორც განმისჯია მე და შვიდ ახლობელ თანამზრახველს,

12რათა ნახონ, რაც ხდება იუდასა და იერუსალიმში თანახმად უფლის რჯულისა,

13და მიუტანონ ძღვენი ისრაელის უფალს იერუსალიმში, მე და ჩემმა მახლობლებმა რომ აღვუთქვით, და ყოველი ოქრო და ვერცხლი, რაც კი იპოვება ბაბილონის ქვეყნად უფლისათვის იერუსალიმში, ხალხის შესაწირავთან ერთად მათი უფლის ტაძრისათვის, რომელიც იერუსალიმშია.

14შეგროვდეს ოქრო და ვერცხლი კურატებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის და იმისთვის, რაც საჭიროა.

15ასე შესწირონ მსხვერპლი თავიანთი უფლის სამსხვერპლოზე.

16და ყოველივე, რისი გაკეთებაც გსურს შენს ძმებთან ერთად ამ ოქროთი და ვერცხლით, აღასრულე შენი ღვთის ნებისამებრ.

17უფლის წმინდა ჭურჭელი მოცემული გაქვს სამსახურებლად ტაძრისათვის შენი ღმერთისა, იერუსალიმში რომ არის.

18სხვა დანარჩენი, რაც კი დაგჭირდება სახმარად შენი ღმერთის ტაძრისათვის, გაეცი სამეფო საგანძურიდან.

19ხოლო მე, მეფე არტაქსერქსემ, ვუბრძანე სირიისა და ფინიკიის მეგანძურებს, რათა, რასაც მოითხოვს ეზრა მღვდელი და რჯულის მეცნიერი მაღალი ღმერთისა, შეუფერხებლად მიეცეს მას ვერცხლი ას ტალანტამდეც კი,

20ასევე ხორბალი, ას საწყაულამდე, ას საწყაულამდე ღვინო და მარილი უხვად.

21ყოველივე საღვთო რჯულის შესაბამისად გულმოდგინედ სრულდებოდეს მაღალი ღმერთის სახელზე, რათა არ მოევლინოს რისხვა მეფისა და მეფისწულთა სამეფოს.

22თქვენ კი გეტყვით, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, მეკარეს, ტაძრის მსახურს და ტაძრის მემატიანეს, არავითარი ხარკი, არც სხვა რამ გადასახადი არ დასდოთ, და არც არავის ჰქონდეს უფლება მათ რაიმე გადაახდევინოს.

23ხოლო შენ, ეზრა, ღვთის სიბრძნით დაადგინე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განიკითხავდნენ მთელს არაბსა და ფინიკიაში ყველას, ვინც აღიარებს შენი უფლის რჯულს; არმცოდნეთ კი ასწავლიდე.

24ყველა, ვინც კი გადავა შენი უფლის ან მეფის კანონს, სამაგალითოდ დაისაჯონ ან სიკვდილით, ან გვემოთ, ან ვერცხლის გადახდევინებით, ან მოკვეთით.

25კურთხეულია ერთი უფალი, რომელმაც გულში შთაუნერგა მეფეს განდიდება მისი სახლისა იერუსალიმში,

26და მე პატივი მომაგო მეფისა და მისი თანამზრახველების, ყოველი მისი მახლობლისა და დიდებულის წინაშე.

27მე გავმხნევდი უფლის, ჩემი ღმერთის შეწევნით და შევკრიბე კაცნი ისრაელთაგან, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.

28აი, წინამძღოლნი მათი მამისსახლებისა და უხუცესობის მიხედვით, რომლებიც ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე არტაქსერქსეს მეფობის დროს:

29ფინხასის ძეთაგან გერშომი; ითამარის ძეთაგან გამელოსი; დავითის ძეთაგან ხატუში შექანიასი;

30ფარყიშის ძეთაგან ზაქარია და მასთან ერთად ჩაწერილი ას ორმოცდა ათი კაცი;

31ფახათმოაბის ძეთაგან ელიაოხია, ზერახიასი, და მასთან ერთად ორასი კაცი;

32ზათოესის ძეთაგან შექანია იახზიელისა, და მასთან ერთად სამასი კაცი. ყადინის ძეთაგან ბენ-იონათანი და მასთან ერთად ორას ორმოცდა ათი კაცი;

33ყოლამის ძეთაგან იშია, ღოთოლიასი და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი;

34შეფატიას ძეთაგან ზერახია მიქაელისა და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი.

35იოაბის ძეთაგან აბდია იახზიელისა, და მასთან ერთად ორას თორმეტი კაცი;

36ბინუის ძეთაგან ასალიმოთი, იოსაფიასი, და მასთან ერთად ას სამოცი კაცი;

37ბებაის ძეთაგან ზაქარია, ბებე და მასთან ერთად ოცდარვა კაცი;

38ყაზგადის ძეთაგან იოხანანი, ჰაკატანი და მასთან ერთად ას ათი კაცი;

39ადონიკამის ძეთაგან - უკანასკნელნი და აი, სახელები მათი: ელიფელეტი, იეყუში და შემაყია და მათთან ერთად სამოცდა ათი კაცი;

40ბიგვაის ძეთაგან ყუთაი ისტალკუროსისა, და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი.

41და შევკრიბე ისინი თერად წოდებულ მდინარესთან, იქვე დავიბანაკეთ სამ დღეს და მე დავათვალიერე ისინი,

42მაგრამ მღვდლთაგან და ლევიანთაგან იქ ვერავინ ვპოვე.

43შევუთვალე ელყაზარს, იადუელს, მაასმასს, ელნათანს, შემაყიას, იოარიბს, ნათანს, ელნათანს, ზაქარიას და მეშულამს, წინამძღვართა და სწავლულთ,

44მისულიყვნენ ყიდოსთან, განძთსაცავის ადგილის წინამძღვართან,

45და ვუბრძანე ეთქვათ ყიდოსთვის და მისი ძმებისათვის და იმ ადგილის განძისმცველთათვის წარმოეგზავნათ მღვდელმსახურნი ჩვენი უფლის სახლისათვის.

46და გამოგვიგზავნეს, ჩვენი უფლის მაგარი ხელით, კაცნი მცოდნენი ძეთაგან მახლისა, ძისა ლევისა, ძისა ისრაელისა: ხაშაბია და მისი ძენი და ძმანი თვრამეტი კაცი.

47ხაშაბია და ანნუნოსი და ძმა ხოშაყია, ხანუნეოსის ძეთაგან, და მათი ძენი - ოცი კაცი;

48ტაძრის მსახურთაგან, რომელნიც დავითმა და წინამძღოლებმა დაადგინეს ლევიანთა სამსახურისათვის - ტაძრის მსახურნი ორას ოცი; თითოეულის სახელის აღნიშვნით.

49გამოვუცხადე იქ მარხვა ჭაბუკებს ჩვენი უფლის წინაშე,

50რათა გამოგვეთხოვა მისგან კეთილი გზა ჩვენთვის და ჩვენი თანამგზავრებისთვის, შვილებისათვის და საქონლისათვის;

51მრცხვენოდა, მეთხოვა მეფისათვის ქვეითნი, მხედრები და გამცილებელნი ჩვენი მტრებისაგან თავის დასაცავად;

52რადგან ვუთხარით მეფეს, რომ ჩვენი უფლის ძალი იქნებოდა მის მაძიებლებთან ყოველ კეთილ საქმეში.

53კვლავ ვევედრეთ უფალს ჩვენსას ყოველივე ამისთვის და მივიღეთ მისგან დიდი წყალობა.

54გამოვყავი მღვდელთა წინამძღვართაგან თორმეტი კაცი და შერაბია და ხაშაბია და მათთან ერთად მათი ძმებისგან ათი კაცი.

55და ავუწონე მათ ვერცხლი და ოქრო და ჩვენი უფლის სახლის წმიდა ჭურჭელი, რაც თვით მიუძღვნა მეფემ და მისმა თანამზრახველებმა და დიდებულებმა და მთელმა ისრაელმა.

56და აწონილი გადავეცი მათ ექვსას ორმოცდაათი ვერცხლის ტალანტი და ვერცხლის ჭურჭელი ასი ტალანტისა, ასი ოქროს ტალანტი, ოცი ოქროს ნივთი და სპილენძის ჭურჭელი, რჩეული სპილენძის, ოქროსდრად მბზინვარე, თორმეტი.

57ვუთხარი მათ: თქვენც წმიდა ხართ უფლისათვის, წმიდაა ჭურჭელიც, ვერცხლიც და ოქროც, ილოცეთ უფლის, ჩვენი მამების უფლის მიმართ.

58იფხიზლეთ და დაიცავით, ვიდრე არ გადასცემთ მათ მღვდელთა წინამძღვართ და ლევიანებს და ისრაელის საგვარეულოთა წინამძღოლებს იერუსალიმში, ჭურჭლის საცავში ჩვენი უფლის სახლისა.

59მიიღეს მღვდლებმა და ლევიანებმა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, რაც იერუსალიმში იყო, და შეიტანეს ისინი უფლის ტაძარში.

60დავიძარით მდინარე თერადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს და შევედით იერუსალიმში ჩვენი უფლის ძლიერი ხელით, რომელიც ჩვენზე იყო; და გვიფარავდა ჩვენ გზაზე ყოველი მტრისგან და მოვედით იერუსალიმში.

61და აქ, მესამე დღის დამდეგს, ჩვენი აწონილი ვერცხლი და ოქრო გადაეცა უფლის სახლში მღვდელ მარმოთს, ურიას ძეს.

62იყო მასთან ერთად ელყაზარი, ძე ფინხასისა; აგრეთვე იყვნენ მათთან იოზაბად იესოს ძე და ნოყადია ბანუიასი, ლევიანები; ჩააბარეს რიცხვით და წონით ყოველივე და ჩაწერილ იქნა მათი მთელი წონა იმავე დროს.

63ხოლო ტყვეობიდან გამოსულებმა შესწირეს მსხვერპლი უფალს, ისრაელის ღმერთს: თორმეტი კურატი, მთელი ისრაელისათვის, ოთხმოცდა თექვსმეტი ვაცი, სამოცდა თორმეტი კრავი, თხები სამადლობელად, ყოველივე მსხვერპლად უფლისათვის.

64გადასცეს მეფის განკარგულებანი სამეფოს მმართველთ და კოილე სირიისა და ფინიკიის მთავართ და მათ ადიდეს ხალხი და უფლის ტაძარი.

65როდესაც ყოველივე აღსრულდა, მოვიდნენ ჩემთან წინამძღოლნი და მითხრეს:

66არ განეშორა ერი ისრაელისა, მთავარნი და მღვდელნი და ლევიანნი ამ ქვეყნის უცხოთესლის ხალხებს და მათს უწმიდურებას - ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, იებუსელებს, მოაბელებს, ეგვიპტელებს და ედომელებს;

67რადგან შეეუღლნენ მათ ასულებს თავადაც და ძენი მათნიც, და შეერია წმიდა თესლი უცხო თესლს, ამ ქვეყნის ხალხებს; წინამძღვარნი, და დიდებულნი ამ ურჯულოების თანამოზიარენი შეიქმნენ თავიდანვე.

68ამის გაგონებაზე შემოვიძარცვე ტანსაცმელი და სამღვდელო შესამოსელი, ვიგლეჯდი თმას თავსა და წვერზე, და ვიჯექი დამწუხრებული და შეურვებული.

69შემოიკრიბნენ ჩემთან ისრაელის, უფლის სიტყვით აღძრულნი, როცა ვგოდებდი ურჯულოებისათვის და ვიჯექი შეურვებული მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე.

70როცა მარხვისგან ავდექი, შემოხეული კაბითა და სამღვდელო სამოსელით, მუხლი მოვიდრიკე და ხელაპყრობით მივმართე უფალს:

71უფალო, მრცხვენია და ვძრწი შენი პირის წინაშე.

72რადგან ჩვენმა ცოდვებმა გადაფარა ჩვენი თავები და უგუნურობებმა ჩვენმა ცას მიაღწია;

73ჩვენი მამა-პაპის დროიდან ვართ დიდ ცოდვებში დღევანდელ დღემდე;

74ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის ცოდვათა გამო ჩვენს ძმებთან, ჩვენს მეფეებთან და ჩვენს მღვდლებთან ერთად, ქვეყნის მეფეთა მახვილს მიგვეცი დასატყვევებლად, საძარცვავად და შეურაცხყოფისათვის დღევანდელ დღემდე.

75აწ რაოდენი შეწევნა მივიღეთ შენგან, უფალო, რომ შეგვინარჩუნე ჩვენ ძირი და სახელი შენი სიწმიდის ადგილზე,

76რომ გამოაჩინე ნათელი ჩვენი უფლის სახლში, მოგვეცი საზრდო ჩვენი მონობის ჟამს;

77მონობაშიც არ ვყოფილვართ მიტოვებულნი ჩვენი ღმერთისგან, არამედ მადლი მოგვივლინე სპარსელთა მეფეების წინაშე,

78რათა მოეცათ საზრდელი და განედიდებინათ ჩვენი ღმერთის ტაძარი და აშენებულიყო იავარქმნილი სიონი, მოეცა ჩვენთვის სამკვიდრებელი იუდასა და იერუსალიმში.

79აწ რა ვთქვათ, უფალო, ყოველივე ამის მქონებლებმა? რადგან გადავედით შენს ბრძანებას, რომელიც მოგვეცი შენ მორჩილთა - წინასწარმეტყველთა ხელით და გვითხარი, რომ

80ქვეყანა, რომელშიც შედიხართ წილხვედრით, არის მიწა, შეგინებული სიბილწით ქვეყნის უცხოთესლთა მიერ, რომელთაც თავისი უწმიდურებით აავსეს იგი;

81ამიერიდან თქვენი ასულნი არ შერთოთ მათ ვაჟებს, და მათი ასულნი არ მოჰგვაროთ ცოლად თქვენს ვაჟებს;

82ნურასდროს ეძიებთ მათთან ზავით ცხოვრებას, რათა გაძლიერდეთ და იგემოთ სიკეთენი მიწისა და გაუყოთ იგი თქვენს შვილებს უკუნისამდე.

83რაც გვემართება, ჩვენი უკეთური საქმეების გამო და ჩვენი დიდი ცოდვებისათვის გვემართება.

84შენ გვილხინე, უფალო, ჩვენი ცოდვებისგან და მოგვეცი ასეთი ძირი, მაგრამ ჩვენ კვლავ მივიქეცით და გადავედით შენს რჯულს და შევერიეთ ამ ქვეყნის ხალხთა უწმიდურებას.

85ხომ არ განრისხდი ჩვენზე ისე, რომ მოვისრათ და არ დარჩეს ძირი და თესლი და სახელი ჩვენი?

86უფალო ისრაელისა, ჭეშმარიტი ხარ შენ, რადგან დავრჩით ძირად დღემდე.

87აჰა, აწ ურჯულოებაში ვართ შენს წინაშე. არ ეგებოდა კვლავ მასში დგომა შენს პირისპირ.

88როცა ეზრა ლოცულობდა, აღსარებას ამბობდა და ტიროდა ტაძრის წინ მიწაზე გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ იერუსალიმიდან დიდძალი ერი: კაცები, ქალები და ბავშვები, და დიდი იყო გოდება ხალხში;

89ხმა ამოიღო იექონიამ, იეელოსის ძემ, ისრაელიანთაგან, და უთხრა ეზრას: ჩვენ ვცოდეთ უფალს და შევეუღლეთ ამ ქვეყნის უცხოთესლის დედაკაცებს და აწ იმედით მყოფობს ისრაელი.

90აღვავლინოთ ჩვენ ფიცი უფლის წინაშე, რომ გავეყრებით ჩვენს ცოლებს, რომელნიც კი უცხოთესლნი არიან, მათ შვილებთან ერთად, როგორც განსაჯე შენ და მათ, რომელნიც მორჩილებენ საღმრთო რჯულს.

91აღდეგ და აღასრულე, რადგან შენ გეკუთვნის ეს საქმე და ჩვენ შენთან ერთად ძალი მოგვეცემა.

92ადგა ეზრა და ფიცით. შეჰკრა მთელი ისრაელის მღვდელთა და ლევიანთა მთავრები, რათა ასე მოქცეულიყვნენ და მათაც ფიცი დასდეს.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →