გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

სიბრძნე სოლომონისათავი 4

20 მუხლი · ≈ 2 წთ

1უმჯობესია უშვილობა სიქველეში, რადგან უკვდავი იქნება მისი ხსოვნა; მას ღმერთიც აღიარებს და ადამიანებიც.

2ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ და, როცა შორსაა, მისკენ ისწრაფვიან; და საუკუნოდ გვირგვინოსანი ზეიმობს, როგორც მომგები ბრძოლისა უბიწო ღვაწლით.

3უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან.

4ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან.

5გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება, საჭმელად მკვახე და ყოვლად უვარგისი.

6უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას.

7მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება.

8რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება.

9სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია.

10ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა.

11წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული.

12რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა.

13მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა;

14რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა,

15რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.

16როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე - ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს.

17რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი.

18იხილავენ და შეურაცხყოფენ, მათზე კი უფალი გაიცინებს.

19შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება.

20შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები ამხილებს მათ.

ეს თავი მცხეთურ ხელნაწერში სრულად არ არის — ტექსტი მოტანილია ბიბლიის ახალი ქართული თარგმანიდან.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →