სიბრძნე სოლომონისათავი 13
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1ამაონი არიან ბუნებით ყველანი, ღვთის უმეცრებაში მყოფნი, რომელთაც ხილულ სიკეთეგან ვერ შეძლეს შემეცნება არსებულისა და ვერც საქმეთა მიხედვით გამოიცნეს ხელოვანი;
2არამედ ან ცეცხლი, ან ქარი, ან სწრაფი ჰაერი, ან ვარსკვლავთა წრე, ან წყალი, ან ცის მნათობები მიიჩნიეს სამყაროს განმგებელ ღმერთებად.
3თუკი მათი სილამაზით დატყვევებულთ ესენი ღმერთები ეგონათ, ისიც უნდა შეეცნოთ, თუ რაზომ უმჯობესია მათზე უფალი, რადგან მან, დასაბამმა მშვენებისა შექმნა ისინი.
4ხოლო თუ მათი ძალა და მოქმედება აკვირვებდათ, მათგანვე უნდა შეეცნოთ, რაზომ ძლიერი იქნებოდა მათზე მათი შემოქმედი.
5რადგან ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა;
6მაგრამ ესენი მაინც ნაკლებად გასაკიცხნი არიან, რადგან თუ სცდებიან, ღვთის ძიებისას სცდებიან, მისი პოვნის მოწადინენი.
7რადგან ღვთის ქმნილებათა შორის მყოფნი ეძებენ და მზერას ერწმუნებიან, რომ ყოველი ხილული მშვენიერია.
8და მაინც არც ესენი არიან ღირსი შენდობისა;
9რადგან თუ იმის ძალა შესწევდათ, რომ ამოეცნოთ ეს სამყარო, რატომ უმალვე ვერ იპოვეს მისი მეუფე?
10მაგრამ უფრო უბადრუკნი არიან მკვდართა მსასოებელნი, რომელნიც ღმერთებს უწოდებენ: ადამიანთა ხელით ნაქმნარს - ოქროსა და ვერცხლს, ხელოვნების ქმნილებებს, ცხოველთა გამოსახულებებს, ან უსარგებლო ქვას - ძველების ხელით ნაკეთებს.
11მოჭრის ხისმჭრელი ვინმე ხურო ადვილდასამუშავებელ ხეს და მარჯვედ გალოპრავს, ლამაზად გათლის და მისგან საჭირო ჭურჭელს დაამზადებს.
12სამუშაოდან მორჩენილ ნაჭრებს კი კერძის მოსამზადებლად მოიხმარს და გაძღება;
13ხოლო იმათგან ერთი ნაჭერს, ყოვლად უვარგისს, მრუდეს და ნუჟრებიანს, აიღებს და მოცალეობისას გულმოდგინედ გამოთლის, ოსტატურად დაამუშავებს და ადამიანის სახედ გამოსახავს,
14ან მიამსგავსებს რომელიმე უბადრუკ ცხოველს, სურინჯს წაუსვამს, მეწამული საღებავით შეღებავს მის ზედაპირს და ყველა მის ხინჯს დაფარავს,
15მოუწყობს მას შესაფერის ადგილ-სამყოფელს, კედელზე ჩამოკიდებს და რკინით მიამაგრებს.
16ამგვარად, აწინასწარ იზრუნებს, რომ ძირს არ ჩამოუვარდეს, რადგან იცის, რომ იგი ვერ უშველის საკუთარ თავს, რადგან ხატია მხოლოდ და შემწეს საჭიროებს.
17როცა ლოცულობს თავისი სიმდიდრისთვის, ქორწინებისთვის და შვილებისათვის, არ რცხვენია უსულოსთან საუბრისა; ჯანმრთელობისათვის უძლურს მიმართავს,
18სიცოცხლეს მკვდარს შესთხოვს, შემწეობისთვის გამოუცდელს ევედრება, კეთილი მგზავრობისთვისმას, ვინც ნაბიჯსაც ვერ დგამს;
19მოგებისთვის, საშრომელისთვის და ხელის მომართვისთვის ხელით უძლურს ეხვეწება, რომ ძალა მისცეს.
ეს თავი მცხეთურ ხელნაწერში სრულად არ არის — ტექსტი მოტანილია ბიბლიის ახალი ქართული თარგმანიდან.



