გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

სიბრძნე სოლომონისათავი 16

29 მუხლი · ≈ 3 წთ

1ამიტომაც ღირსად დაისაჯნენ ისინი მათივე მსგავსი ცხოველებით და მხეცთა სიმრავლით დაიტანჯნენ.

2შენს ხალხს კი, ნაცვლად ამგვარი სასჯელისა, კეთილი უყავ. მოძულებულთ უცხო საზრდელი - მწყერები მოუმზადე მადის დასაცხრომად;

3რათა იმ ხალხს, როცა მოშივდებოდათ, მადის ნატამალიც კი დაჰკარგოდათ მათთვის მიგზავნილ საძაგელ ქმნილებათა ხედვით. შენს ხალხს კი, მცირე ხნით ნაშიმშილევს, უცხო საჭმელის გემო ეხილა.

4რადგან მათ მჩაგვრელებზე ულმობელი გასაჭირი უნდა მოწეულიყო, თავად კი მხოლოდ უნდა ენახათ, როგორ გაწამდნენ მათი მტრები.

5როცა შენს ხალხზე მხეცთა საზარელი რისხვა გადმოვიდა და ცბიერ ქვეწარმავალთა ნაკბენებით იხოცებოდნენ, ბოლომდე როდი გაუგრძელე შენი მრისხანება,

6ჭკუის სასწავლებლად შეძრწუნდნენ მცირე ხნით და ხსნის ნიშანი მიიღეს, რათა შენი რჯულის მცნებები გახსენებოდათ.

7რადგან მოქცეული გადარჩა არა იმით, რასაც შეჰყურებდა, არამედ შენით, ყოველთა მხსნელო.

8ამით დაარწმუნე ჩვენი მტრები, რომ შენა ხარ მხსნელი ყოველივე ბოროტისაგან.

9ისინი კალიებისა და კელების ნაკბენებით დაიხოცნენ და არსად იყო მათი განკურნება, რადგან ღირსნი იყვნენ მათგან წამებისა.

10შენი შვილები კი ვერც გესლიანი გველების კბილებმა დასძლიეს, რადგან მათ შესაწევად გადმოვიდა შენი წყალობა და განკურნა ისინი.

11ისინიც დაიგესლნენ, რომ შენი სიტყვები გახსენებოდათ, და განიკურნენ, რათა, შენს წყალობას მოკლებულნი, დავიწყების უფსკრულში არ ჩავარდნილიყვნენ.

12ვერც ბალახმა და ვერც სალბუნებმა ვერ განკურნეს ისინი, არამედ შენი სიტყვაა, უფალო, ყველას რომ კურნავს.

13რადგან სიცოცხლეზეც და სიკვდილზეც შენა გაქვს ხელმწიფება; შენ ჩაიყვან ჯოჯოხეთის ბჭეებამდე და შენვე ამოიყვან.

14ადამიანი თავისი სიბოროტით კლავს, მაგრამ არ ძალუძს არც ამომხდარი სულის ჩაბრუნება და არც გამოხსნა ტყვექმნილი სულისა.

15შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან.

16რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით დაისაჯნენ, გაუგონარი წვიმებისა, სეტყვისა და ნიაღვრებისგან დევნილები, და ცეცხლით განადგურდნენ.

17მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, ყოველთა დამშრეტელ წყალში ცეცხლი უფრო ძლიერად აღიძრა, რადგან სამყაროც მართალთა შემწეა.

18ხანდახან ალი მშვიდდებოდა, რათა არ დაეწვა უღვთოთათვის მისეული ცხოველები და ამის მხილველებს სცოდნოდათ, რომ ღვთის სასჯელისგან იდევნებიან.

19ხოლო ხანდახან წყლის შუაგული ცეცხლზე მეტად გიზგიზებდა, რათა უსამართლო მიწის ქმნილებანი მომსპარიყვნენ.

20ნაცვლად ამისა შენს ხალხს ანგელოზთა საზრდელით კვებავდი და ზეციდან უშრომლად უგზავნიდი გამზადებულ პურს, ყოვლად საამოს და ყველას გემოვნების შესაფერისს.

21შენი სიტკბო შვილების მიმართ შენი საზრდელის თვისებამ გამოაჩინა; მჭამელთა მადის დასაკმაყოფილებლად გემოს იცვლიდა, ვის როგორ ერჩივნა, იმის მიხედვით.

22თოვლმა და ყინულმა ცეცხლს გაუძლო და არ დამდნარა, რათა შეეცნოთ, რომ მტერთა ნაყოფები სეტყვაში მოგიზგიზე და თავსხმაში გაკვესებულმა ცეცხლმა შემუსრა.

23მაგრამ იმავე ცეცხლმა თავისი ძალა დაივიწყა, რათა მართალნი დანაყრებულიყვნენ.

24რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს, გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის საყოფად.

25ამიტომ მაშინაც, ყოველმხრივ სახეშეცვლილი, შენს ყოველთა გამომზრდელ მადლს ემსახურებოდა გაჭირვებულთა სურვილის მიხედვით,

26რათა სცოდნოდათ შენს შვილებს, რომელნიც შეიყვარე, უფალო, რომ ნაყოფები კი არ კვებავს ადამიანს, არამედ შენი სიტყვა იცავს შენს მორწმუნეთ;

27რადგან, რასაც ცეცხლი ვერ მუსრავს, მაშინვე დნება, როგორც კი მზის სუსტი სხივი გაათბობს,

28რათა ყველამ იცოდეს, რომ მზეს უნდა დაასწრონ შენი მადლისგება და ნათლის აღმოსავლეთისკენ თაყვანიგცენ.

29რადგან ზამთრის ჭირხლივით დადნება უმადურის სასოება და უსარგებლო წყალივით დაიღვრება.

ეს თავი მცხეთურ ხელნაწერში სრულად არ არის — ტექსტი მოტანილია ბიბლიის ახალი ქართული თარგმანიდან.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →