სიბრძნე სოლომონისათავი 3
Эта глава есть на русском языке →This chapter is also in English →1მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება.
2უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.
3ჩვენგან წასვლა კი - განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.
4თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე.
5მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა.
6ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა.
7გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები.
8განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი.
9უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.
10უღვთონი კი სასჯელსაც თავიანთ ზრახვათამებრ მიიღებენ, რადგან მართალიც აითვალისწუნეს და უფალსაც განუდგნენ.
11რადგან უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს; ამაოა იმედი მათი, შრომა უნაყოფო და მათი საქმეები უსარგებლოა.
12მათი ცოლები უგუნურნი არიან, ხოლო შვილები უკეთურნი; დაწყევლილია მათი მოდგმა.
13რადგან ნეტარია წაუბილწველი ბერწი ქალი, რომელმაც არ იცის საწოლი ცოდვისა. იგი მიიღებს ნაყოფს სულთა განკითხვისას,
14საჭურისსაც, ვის ხელსაც ურჯულოება არ ჩაუდენია და არ განუზრახავს ბოროტი უფლისა მიმართ, მიეცემა გამორჩეული მადლი რწმენისა და უსანატრელესი წილი უფლის ტაძარში.
15რადგან სანაქებოა ნაყოფი კეთილი შრომისა და ძირი სიბრძნისა შეურყეველია.
16მემრუშეთა შვილნი ვერ მოიწიფებიან და თესლი უკანონო საწოლისა გაქრება.
17ხანგრძლივადაც რომ იცოცხლონ, მაინც არარად შეირაცხებიან და უპატიო იქნება მათი ღრმა სიბერეც.
18ხოლო თუ ნაადრევად აღესრულებიან, არც იმედი და არც ნუგეშისცემა არ ექნებათ განკითხვის დღეს;
19რადგან მძიმეა უსამართლო მოდგმის აღსასრული.
ეს თავი მცხეთურ ხელნაწერში სრულად არ არის — ტექსტი მოტანილია ბიბლიის ახალი ქართული თარგმანიდან.



