გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · საკითხავი წიგნები

სიბრძნე სოლომონისათავი 15

19 მუხლი · ≈ 2 წთ

1ხოლო შენ, ღმერთო ჩვენო, კეთილი და ჭეშმარიტი ხარ, სულგრძელი და ყოვლის განმგებელი წყალობით.

2კიდეც რომ შევცოდოთ, მაინც შენი ვართ, მაღიარებელნი შენი ძალისა; მაგრამ არ შევცოდავთ, რადგანაც ვუწყით, რომ შენად ვართ შერაცხილნი.

3შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა, აღიარება შენი ძალაუფლებისა კი უკვდავების საფუძველია.

4ვერ შეგვაცდინა ჩვენ კაცთა ბოროტმა განზრახვამ და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომამ - ხატებამ, სხვადასხვა ფერებით აჭრელებულმა,

5რომლის მზერაც უგუნურ წადილს და ტრფიალებას აღაგზნებს მკვდარი ქანდაკების უსიცოცხლო სახის მიმართ.

6ამგვარ იმედთა ღირსნი არიან ბოროტებათა ტრფიალნი და მათი ჩამდენნიც, მოწადინენი და თაყვანისმცემლებიც.

7მექოთნე რბილ თიხას ზელს და ჩვენდა სამსახურად გულმოდგინედ ძერწავს ყველაფერს; ერთი და იმავე თიხიდან იძერწება ორივე ჭურჭელი - საწმიდარიც და სადაგიც; მაგრამ რომელი რას უნდა ემსახუროს, ამის განმსჯელი თიხის ოსტატია.

8ამ თიხიდანვე ამაო ღმერთს ძერწავს ფუჭად მშრომელი, რომელიც თავადაც მიწისგან წარმოიშვა ცოტა ხნის წინათ, ცოტა ხნის შემდეგ კი იქითკენ წავა, საიდანაც აღებულ იქნა, და მოსთხოვენ სულის ვალის უკან დაბრუნებას.

9მაგრამ მას არ ადარდებს, რომ მძიმე შრომა უნდა, რომ ხანმოკლეა მისი ცხოვრება, არამედ ეჯიბრება ოქრომჭედლებსა და ვერცხლის მდნობელებს, სპილენძის ოსტატებს ბაძავს და სასახელოდ მიაჩნია სისაძაგლის ძერწვა.

10ფერფლია მისი გული, თიხაზე უმნიშვნელოა მისი სასოება და ტალახზე უპატიოა მისი ცხოვრება.

11რადგან ვერ შეიცნო თავისი შემქმნელი, ვინც მას ჩაუდგა მოქმედი სული და სიცოცხლის სამშვინველი შთაბერა.

12მაგრამ ჩვენი სიცოცხლე მათ გართობად ჩათვალეს, ხოლო ცხოვრება სარფიან ვაჭრობად, რადგან ამბობენ: ხომ საჭიროა საიდანმე, თუნდაც ბოროტებისგან, სარგებლის მიღება.

13ყველაზე უკეთ თვითონ მან იცის, რომ ცოდვას სჩადის, რადგან ქმნის თიხიდან მყიფე ჭურჭლებსა და ქანდაკებებს.

14მაგრამ ყველაზე უგუნურნი და ჩვილ ბავშვებზე სულით უბადრუკნი არიან შენი ხალხის მტრები, რომელნიც ჩაგრავენ მას.

15რადგან ისინი ღმერთებად მიიჩნევენ წარმართთა ხატებს, რომელთაც არა აქვთ თვალები სახედველად, არც ნესტოები ჰაერის შესასუნთქად, არც ყურები სასმენელად, არც თითები შესახებად და მათი ფეხებიც უმოქმედოა სავალად.

16თუმცა ადამიანმა შექმნა ისინი და ნასესხებმა სულმა გამოსახა, მაგრამ არცერთ კაცთაგანს არ შეუძლია გამოსახოს ღმერთი, როგორიც არის.

17თავად მოკვდავია და მკვდარს აკეთებს ურჯულო ხელებით, ამიტომაც სჯობს თავის სათაყვანებელთ, რადგან თვითონ ცოცხლობს მაინც, ამათ კი არასოდეს უცოცხლიათ.

18უსაძაგლეს ცხოველებს სცემენ თაყვანს, უჭკუობით სხვებისგან გამორჩეულთ.

19შესახედავადაც უშნონი არიან და სხვა ცხოველებივით ვერ მიგვიზიდავენ, რადგან აკლიათ ღვთის დასტური და მისი კურთხევა.

ეს თავი მცხეთურ ხელნაწერში სრულად არ არის — ტექსტი მოტანილია ბიბლიის ახალი ქართული თარგმანიდან.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →