დღესასწაულებზე
Эта статья есть на русском языке →This is also in English →საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლებდა და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტითი და ქმედითი სიბრძნის სულიერი სიმდიდრე ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ დღეებში. დღესასწაული იმისთვის არაა, საქმე რომ გადადო და უქმად დარჩე. დღესასწაული უქმი კი არაა, უქმეა ანუ სულის სიხარულია ღმერთის უდიდესი წყალობის შეგნების გამო.
დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც უსულო სხეული.
ქრისტიანისათვის ყოველი დრო დღესასწაულია მისთვის მიძღვნილი საბოძვარი სიუხვის გამო. დღესასწაული კეთილი საქმეების, სულის ღვთისმოსავი განწყობილებისა და წესიერი ცხოვრების გამოვლენაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია იდღესასწაულო.
თუკი საქმეები და ყოველდღიური საქმიანობა უნდა მიატოვო სადღესასწაულო დღეებში, მით უმეტეს, უნდა მოერიდო საქმეებს, რომელთა კეთებაც სადაგ დღეებშიც არაა ნებადართული. განა ბევრნი არ არიან ჩვენს შორის ისეთები, რომლებიც დღესასწაულის დილის საათებს ძილში ატარებენ? და ეს ღამის შემდეგ, რომელიც ისეთ დღედ იქცა, მზის ღირსი რომ არაა.
დღესასაწული იმისთვის არაა, რომ ვითავნებოთ და საკუთარი ცოდვები ვამრავლოთ, არამედ იმისთვის, რომ რაც გვაქვს, იმისგანაც განვიწმინდოთ.
მშვენიერი უქმეა ცოდვისაგან უქმობა. ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს. ნათელი დღეები ნათელია მხოლოს სუფთა და უბიწო სულისთვის. ვინც წმინდა გულით ზეიმობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს.



