
წმიდა ზენონ იყალთოელი, ათცამეტ ასურელ მამათაგანი (VI)
წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.
ზენონი იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე იყო. „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ ორივე მეტაფრასული ვარიანტი მას მოწაფეთა სიაში ასახელებს; იმავე ცხოვრების ძირითადი ტექსტი კი მოგვითხრობს, როგორ გაგზავნა იოანემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს — მათ შორის კახეთში, სადაც ზენონი დამკვიდრდა.
სინას მთის წმიდა ეკატერინეს მონასტრის ახლად აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა კრებულში (N/Sin-50), რომელიც ასურელ მამათა შესახებ ყველა სხვა რედაქციაზე ძველია (X საუკუნის პირველი ნახევარი), ზენონი „მადალოთს“ დამკვიდრებულად იხსენიება, იყალთოელად კი პიმენი.
ქართული საეკლესიო ტრადიციით ზენონმა VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იყალთოს მონასტერი და იქვეა დასაფლავებული. მისი ხსენების დღე ტრადიციულად 7 (20) მაისი იყო; წმიდა სინოდის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ხსენების დღედ დადგინდა 16 (29) ოქტომბერი.




