
წმიდა თადეოზ (თათა) სტეფანწმიდელი, ათცამეტ ასურელ მამათაგანი (VI)
წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.
ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების ძველ რედაქციებში იგი თათას სახელით არის ცნობილი; თადეოზად მას კათოლიკოსი ანტონ I (XVIII ს.) მოიხსენიებს. თათა იოანე ზედაზნელისა და შიო მღვიმელის „ცხოვრებათა“ ტექსტებზე დართულ ასურელ მამათა სიებში და სინური კრებულის (N/Sin-50) უძველეს ჩამონათვალშიც იხსენიება.
„იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ (X ს.) მიხედვით, თათა ზედაზნის მთის ძირში მის მიერვე დაარსებულ მონასტერში მოღვაწეობდა: „ერთმან მოწაფეთაგანმან, სახელითა თათა, ქუეშე ძირსა მის მთისასა აღაშენა მონასტერი, რომელსა შინა განმრავლდეს მონაზონნი და ყოვლითავე წესიერებითა იქცეოდეს“.
გვიანდელი ტრადიციით, თათამ შემდეგ წლევის მთაში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დააარსა სტეფანწმიდის მონასტერი, რომელსაც გვიან შუა საუკუნეებში მამებასაც უწოდებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „კასპს ზეით, წლევის მთაში, არს მონასტერი მამებას, სტეფანწმიდისა, თათესაგან, ი̃გ მამათაგანის, ქმნული. დაფლულია წმიდა თათე მუნ“.
ხსენების დღე ტრადიციულად 7 (20) მაისი იყო; წმიდა სინოდის 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ხსენების დღედ დადგინდა 21 აგვისტო (3 სექტემბერი).




