ბარუქ წინასწარმეტყველითავი 4
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1ეს არის ღვთის ბრძანებათა წიგნი და რჯული, რომელიც საუკუნოდ იქნება. ყოველი მისი დამჭერი, იცხოვრებს, მისი მიმტოვებელი კი მოკვდება.
2მოიქეც, იაკობ, და აიღე იგი და გაემართე მისი სინათლის ბრწყინვალებისკენ.
3ნუ მისცემ სხვას დიდებას შენსას და ნურც შენს სარგებელს - უცხო ხალხს.
4ნეტარნი ვართ, ისრაელ, რადგან ჩვენ ვიცით, რაც ესათნოება ღმერთს.
5გამხნევდი, ერო ჩემო, ხსოვნავ ისრაელისა!
6ხალხებს მიეყიდეთ არა დასაღუპად, არამედ ღვთის განრისხების გამო ჩაუვარდით ხელში მტრებს.
7რადგან გააჯავრეთ თქვენი შემოქმედი, რადგან ეშმაკებს სწირავდით მსხვერპლს და არა ღმერთს.
8დაივიწყეთ თქვენი გამომკვებავი უკვდავი ღმერთი და დაამწუხრეთ თქვენი აღმზრდელი იერუსალიმიც.
9რადგან იხილა თქვენზე მოწეული რისხვა და თქვა: ისმინეთ, სიონის მკვიდრნო, მომივლინა მე ღმერთმა დიდი მწუხარება,
10რადგან ვიხილე ჩემს ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ;
11რადგან სიხარულით აღვზარდე ისინი და გირილითა და მწუხარებით გავუშვი.
12ნურვინ იხარებს ჩემზე, დაქვრივებულზე და მიტოვებულზე მრავალთა მიერ. მოვოხრდი მე ჩემი შვილების ცოდვათა გამო, რადგან ღვთის რჯულს გადაუხვიეს.
13ხოლო მისი სამართალნთ უგულებელჰყვეს, არც ღვთის მცნებების გზით წარემართენ, არც სწავლის ბილიკებს დაადგნენ მისი სიმართლით.
14მოდით, მკვიდრნო სიონისა, და გაიხსენეთ ჩემ ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ.
15რადგან შორიდან მოუვლინა მათ ხალხი, ხალხი ურიცხვი და უცხოენოვანი, რომელსაც არც მოხუცებულის რიდი აქვს და არც ყრმის სიბრალული;
16წაჰგვარეს ქვრივს საყვარელი შვილები და ასულთაგანაც გაამარტოვეს.
17მაგრამ რით შემიძლია შეგეწიოთ?
18რადგან ისევ თქვენზე უბედურებათა მომწეველი დაგიხსნით მტრების ხელიდან.
19იარეთ, შვილებო, იარეთ, რადგან მარტო დავრჩი.
20განვიძარცვე მშვიდობის სამოსელი და შევიმოსე ძაძა ჩემი ვედრებისა, ვიღაღადებ საუკუნოს მიმართ დღენი ჩემნი.
21გამხნევდით, შვილებო, მოუხმეთ ღმერთს და დაგიხსნით მძლავრობისგან, მტერთა ხელიდან;
22რადგან საუკუნოსგან ველოდებოდი თქვენს ხსნას და გადმოვიდა ჩემზე წმიდისაგან შეწყალების სიხარული, რომელიც მალე თქვენთანაც მოვა თქვენი საუკუნო მხსნელისგან;
23რადგან მე გოდებითა და ტირილით გაგიშვით, ღმერთი კი თქვენს თავს საუკუნოდ დამიბრუნებს სიხარულითა და შვებით;
24რადგან როგორც ახლა იხილეს სიონის მკვიდრთა თქვენი ტყვეობა, ასევე მალე იხილონ ღვთისგან თქვენი ხსნა, რომელიც მოვა თქვენთან დიადი დიდებით და საუკუნოს ბრწყინვალებით.
25შვილებო, დაითმინეთ თქვენზე მოწეული ღვთის რისხვა; გდევნა შენმა მტერმა, მაგრამ ჩქარა იხილავ მის დამხობას და ფეხით გათელავ მის ქედს.
26ჩემი ნებიერნი ფიცხელ გზას დაადგნენ; შეიპყრეს მტრებმა, როგორც მოტაცებული ფარა.
27გამხნევდით, შვილებო, და შეჰღაღადეთ ღმერთს, რადგან გაგიხსენებთ ის, ვინც ეს მოაწია თქვენზე.
28რადგან ფიქრში გქონდეთ უფლისგან განდგომა, მოქცეულებმა ათმაგი შურით ეძიეთ იგი.
29რადგან ვინც უბედურება მოაწია თქვენზე, საუკუნო სიხარულსაც მოგივლენთ თქვენთ ხსნით.
30გწამდეს, იერუსალიმო, ნუგეშს გცემს სახელმდებელი შენი.
31საწყალობელნი არიან შენი ბოროტისმყოფელნი და შენი დაცემის მოხარულნი.
32საწყალობელნი არიან ქალაქები, რომელთაც დაემონენ შენი შვილები, საწყალობელია მიწა, რომელმაც შეიწყნარა შენი ძენი.
33რადგან რამდგნადაც გაიხარა შენი დაცემით და მოილხინა შენი დამხობით, იმდენად დამწუხრდება თავისი მოოხრებით.
34წავართმევ მას ხალხმრავლობის სიხარულს და ლხენა მისი გლოვად შეიცვლება.
35რადგან გადმოვა მასზე ცეცხლი საუკუნოსგან, ხანგრძლივად და დიდხანს იმკვიდრებენ იქ ეშმაკნი.
36გახედე აღმოსავლეთს, იერუსალიმო, და იხილე სიხარული, შენთვის ღვთისგან მომავალი.
37აჰა, მოდიან შენი ვაჟები, რომლებიც გაუშვი; მოდიან წმიდის სიტყვით შეკრებილნი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ღვთის დიდებით გახარებულნი.



