გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · წინასწარმეტყველნი

ბარუქ წინასწარმეტყველითავი 2

35 მუხლი · ≈ 4 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1დაამტკიცა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, რომელნიც ისრაელს განაგებდნენ, ჩვენს მეფეებზე, ჩვენს მთავრებზე და ყველა ისრაელიანზე და იუდაელზე.

2არ მომხდარა მთელს ცისქვეშეთში იმის მსგავსი, რა მახდინა მან იერუსალიმში მოსეს რჯულში დაწერილის მიხედვით;

3რათა გვეჭამა ერთს ხორცი თავისი ძისა და მეორეს ხორცი თავისი ასულისა.

4მისცა ისინი ქვეშევრდომებად ყველა სამეფოს, რომელნიც ჩვენს ირგვლივაა, და შესაგინებლად და მოსაოხრებლად ჩვენს გარშემო ყველა ერს, რომელთა შორისაც მიმოფანტა ისინი უფალმა.

5აღმოვჩნდით ქვემოთ და არა ზემოთ, რადგან შევცოდეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ არ ვისმინეთ მისი ხმა.

6უფალთან, ჩვენს ღმერთთან, სიმართლეა, ჩვენ და ჩვენს მამა-პაპას კი სირცხვილი გვაქვს პირზე, როგორც დღეს.

7ყველა უბედურებამ, რაც უფალმა ბრძანა ჩვენზე, გვიწია ჩვენ.

8არ ვილოცეთ უფლის წინაშე, რომ მოვექციეთ თითოეული ჩვენგანი ავი გულის ზრახვებისგან.

9ინახავდა უფალი ამ უბედურებებს და მოაწია ჩვენზე, რადგან უფალი სამართლიანია ყველაფერში, რაც გვაუწყა ჩვენ.

10არ შევისმინეთ ხმა მისი, რომ გვეკლო უფლის მცნებებით, რომლებიც დააწესა ჩვენს წინაშე.

11და ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, რომელმაც გამოიყვანე შენი ერი ეგვიპტის ქვეყნიდან მაგარი ხელით, ნიშებითა და სასწაულებით, დიადი ძალითა და მაღალი მკლავით, და შეუქმენი შენს თავს სახელი, როგორც დღეს;

12შევცოდეთ, წავიბილწეთ, უსამართლოდ მოვიქეცით ყველა შენი მცნების წინააღმდეგ, უფალო, ღმერთო ჩვენო.

13აგვაცილე ჩვენ შენი გულისწყრომა, რადგან მცირენი დავრჩით წარმართთა შორის იქ, სადაც დაგვფანტე ჩვენ.

14შეისმინე, უფალო, ჩვენი ლოცვა და ვედრება და გვიხსენი ჩვენ შენთვის, და მოგვეცი ჩვენ წყალობა მათ წინაშე, რომელთაც გადაგვასახლეს;

15რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და რომ შენი სახელი ეწოდა ისრაელსა და მის მოდგმას.

16უფალო, გარდამოიხილე შენი წმინდა სახლიდან და გაგვიხსენე ჩვენ; მოყავ, უფალო, ყური და ისმინე,

17გაახილე, უფალო, თვალი და იხილე, რადგან ჯოჯოხეთში მყოფი მკვდრები, რომელთაც ამოერთვათ სული გვამიდან, ვერ მიაგებენ უფალს დიდებასა და სამართალს,

18არამედ სული დამწუხრებული, რომელიც ქედმოდრეკით დააბიჯებს, უძლური და ჩამქრალი თვალები და დამშეული მოგაგებს შენ დიდებას და სიმართლეს, უფალო.

19არა ჩვენს მამა-პაპათა და ჩვენს მეფეთა სიმართლით მოგიძღვნით ჩვენს ვედრებას შენს წინაშე, უფალო, ღმერთო ჩვენო,

20რადგან მოავლინე შენი გულისწყრომა და შენი რისხვა ჩვენზე, როგორც გამოაცხადე შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ

21ასე თქვა უფალმა: ბეჭები მოიხარეთ, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და დამკვიდრდებით მიწაზე, რომელიც მივეცი თქვენს მამა-პაპას;

22ხოლო თუ არ შეისმენთ უფლის ხმას, რომ უნდა ემსახუროთ ბაბილონის მეფეს,

23შევწყვეტ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის გარშემო ხმას ლხინისა და ხმას სიხარულისა, ხმას სიძისა და ხმას რძლისა, და მთელ ამ ქვეყანაში კაცის ჭაჭანება არ იქნება.

24მაგრამ არ შევისმინეთ ხმა შენი, რომ გვემსახურა ბაბილონის მეფისთვის და აღასრულე შენი სიტყვები, რომელიც თქვი შენს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა პირით, რომ გამოიყრება ჩვენს მეფეთა და ჩვენს მამა-პაპათა ძვლები მათი სამარხებიდან.

25და, აჰა, გაბნეულია ისინი დღის ხვატსა და ღამის სიცივეში; მწარე ტკივილებით, შიმშილით, მახვილითა და გაძევებით დაიხოცნენ ისინი.

26დააგდე სახლი, რომელსაც ეწოდა შენი სახელი, როგორც დღეს, ისრაელის სახლისა და იუდას სახლის უკეთურების გამო,

27და მოგვექეცი ჩვენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მთელი შენი სიკეთით და მთელი შენი დიდი მოწყალებით,

28როგორც თქვი შენი მორჩილის, მოსეს ხელით იმ დღეს, როცა მას უბრძანე, დაეწერა შენი რჯული ისრაელიანთა წინაშე, რომ

29თუ არ შეისმენთ ჩემს ხმას, ეს დიდი სიმრავლე შემცირდება ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ.

30ვიცი, რომ არ შეისმენს ჩემსას, რადგან ურჩი ერია, მაგრამ ჩაიხედავს გულში თავისი გადასახლების მიწაზე.

31და მიხვდება, რომ მე ვარ უფალი, მისი ღმერთი, და მივცემ მათ გულს და სასმენელთ მოსასმენად.

32განმადიდებენ მე მათი გადასახლების მიწაზე და გაიხსენებენ ჩემს სახელს.

33და მოიქცევიან ურჩობისგან და თავიანთი ბოროტი საქმეებისგან, რადგან გაიხსენებენ თავიანთი მამა-პაპის გზას, რომელთაც შესცოდეს უფლის წინაშე,

34და დავაბრუნებ მათ მიწაზე, რომელიც ფიცით მივეცი მათ მამა-პაპას - აბრაამს და ისაკს და იაკობს, და დაეპატრონებიან მას, გავამრავლებ მათ და აღარ შემცირდებიან;

35დავუმტკიცებ მათ საუკუნო აღთქმას, რომ ვიქნები მათი ღმერთი და ისინი ჩემი ერი იქნებიან, და აღარ დავძრავ ჩემს ხალხს, ისრაელს, იმ ქვეყნიდან, რომელიც მივეცი მას.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →