გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · სჯულის წიგნები

გამოსვლათავი 20

26 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:

2მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

3არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.

4არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.

5არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.

6ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.

7არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.

8გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.

9ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები;

10მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.

11რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.

12პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

13არა კლა.

14არ იმრუშო.

15არ იქურდო.

16არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.

17არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.

18ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.

19უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.

20უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.

21მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო.

22უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან.

23ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს.

24მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.

25თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი.

26საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →