გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · წინასწარმეტყველნი

ამოს წინასწარმეტყველითავი 9

15 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ საბოლოოს მე მოვსვრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება.

2ქვესკნელშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან;

3ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ;

4ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად და არა სასიკეთოდ.

5უფალი, ცაბაოთ ღმერთი, თუ შეეხო დედამიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის მდინარესავით.

6ცაში აიგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს: უფალია. მისი სახელი.

7განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? ამბობს უფალი; განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?

8აჰა, უფლის ღვთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა და აღვგვი მას პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს, ამბობს უფალი.

9რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლის ყველა ხალხს, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.

10მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას.

11მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო.

12რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი.

13აჰა, დადგება დრო, ამბობს უფალი, როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს და ყურძნის მწურავი - მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები დადნებიან.

14დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს.

15დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ, ამბობს უფალი, შენი ღმერთი.

სეპტუაგინტა და მასორეტული ტექსტი

9:12 — „რათა გამომიძიონ მე“

სეპტუაგინტა: „რათა გამომიძიონ მე ნეშტთა კაცთასა“; მასორეტული: „რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს“. ებრაულად ეს სიტყვები ერთი ასოთი განსხვავდება: „ადამ“ (კაცი) და „ედომ“, „იდრეშუ“ (ეძიონ) და „იირეშუ“ (დაეპატრონონ).

ახალი აღთქმა: საქმ. 15:16–17 — იაკობ მოციქული მოციქულთა კრებაზე ამოსს სეპტუაგინტით იმოწმებს: „რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი“.

შეადარეთ: ძველი ქართული (სეპტუაგინტა) · რატომ სეპტუაგინტა? →

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →