გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · წინასწარმეტყველნი

ამოს წინასწარმეტყველითავი 6

14 მუხლი · ≈ 1 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1ვაი უზრუნველთ სიონზე და უდარდელთ სამარიის მთაზე, სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი!

2მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გეთში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები?

3ხომ არ გგონია, დააცდევინო უბედურების დღეს ან დააჩქარო მძლავრობის მეუფება?

4განისვენებენ სპილოსძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცლებზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ.

5ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობელად მოაქვთ თავი.

6სამსხვერპლო თასებიდან სვაშენ ღვინოს და საუცხოო ზეთით იპოხებიან, არ ადარდებთ იოსების უბედურება.

7ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა შეწყდება.

8დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძულს იაკობის ამპარტავნობა და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს.

9მოხდება ისე, თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, დაიხოცებიან ყველანი.

10როცა ნათესავი თუ ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის სახლის შიგნით მყოფს, თუ დაგრჩა ვინმეო, ისიც უპასუხებს: არავინო, უთხრას: ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება.

11რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა სახლებს.

12თუ ურბენიათ ცხენებს კლდეზე, ან თუ უხნავთ ის ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი და აბზინდად - სიმართლის ნაყოფი.

13ჰე, ამაოებით მოხარულნო, რომ ამბობთ, განა ჩვენი ძალით არ შევიძინეთ რქებიო?

14რადგან, აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, და მიგკუჭავს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →