
მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
მეტეხი ავლაბარში, მტკვრის მაღალ კლდოვან ნაპირზე დგას — იქ, სადაც ქართველი მეფეების სასახლე იდგა. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანია, კედლების წყობა კლასიკურ ქართულ ტრადიციებს ემყარება.
ტაძრის გეგმა აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აფსიდებით დასრულებული მართკუთხედია, რომლის შუაში ოთხ ბურჯზე დაფუძნებული გუმბათი დგას. აღმოსავლეთის ცენტრალურ აფსიდს დიდი ჯვარი და ორი ნატიფად მოჩუქურთმებული რომბი ამშვენებს — სამთავისის ტაძრის საფასადო მორთულობის ცნობილი კომპოზიცია.
მეფე დემეტრემ ტაძარი ადრინდელი შენობის ნაშთზე ააგო, რამაც XIII საუკუნისათვის უჩვეულო არქიტექტურული თავისებურებები განაპირობა. ფასადები ძირითადად დემეტრეს დროინდელი სახითაა შემორჩენილი.
საუკუნეთა მანძილზე ტაძრის არქიტექტურამ ბევრი ცვლილება განიცადა: XVII-XVIII საუკუნეებში აგურით აღდგენილია ოთხივე ბოძი, დასავლეთი პატრონიკე, კამარები და გუმბათი.



