
ლურჯი მონასტერი — წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია
ლურჯი მონასტერი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ვერის პარკთან, ლეო ქიაჩელის ქუჩაზე დგას. გადმოცემით, სოფელ ვერის მამათა მონასტერი VII საუკუნეში დაარსდა.
1896 წლის „საქართველოს საექსარხოსოს სასულიერო მოამბე“ წერს: „თუ შემორჩენილი ძველი ნაშთებით ვიმსჯელებთ, გაუქმებული მამათა მონასტერი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ლურჯ მონასტერს ეძახის, იკავებდა უზარმაზარ ტერიტორიას“.
დღევანდელი შენობა XII საუკუნის ბოლოს აიგო ძველი ეკლესიის ადგილზე. გუმბათის ლურჯი შორენკეცით მოპირკეთების გამო შეარქვეს „ლურჯი მონასტერი“.
სამხრეთ კედლის კარის ტიმპანზე ცხრასტრიქონიანმა წარწერამ შემოგვინახა აღმშენებლის ვინაობა: ქართლის ყოფილმა მთავარეპისკოპოსმა ბასილიმ იგი თავისთვის და თავისი „საყუარლისა ძმისა“ — ერისთავთ-ერისთავის, ქართლის ამირთა-ამირის აბულასანისათვის საგვარეულო საძვლედ აუგია.



