პეტრე გალილეის ბეთსაიდიდან იყო. ის იონას ძე და ანდრია პირველწოდებულის ძმა იყო. ხელობით მეთევზე, უწიგნური და ღარიბი, სიმონი ერქვა; შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ მას პეტრე უწოდა. ქრისტეს აღდგომისა და სული წმინდის მოფენის შემდეგ ის იუდეაში, ანტიოქიასა და აზიის ზოგ მხარეში ქადაგებდა და ბოლოს რომში მივიდა, სადაც ნერონმა თავდაყირა აცვა ჯვარს; ასე ავიდა ის საუკუნო სავანეში დაახლოებით 66 ან 68 წელს და ქრისტეს ეკლესიას ორი კათოლიკე ეპისტოლე დაუტოვა.
პავლე წარმოშობით ებრაელი იყო, ბენიამინის ტომიდან, სამშობლოდ კი ტარსი ჰქონდა. ის რომის მოქალაქე იყო, ბერძნული ენა თავისუფლად იცოდა, რჯულის ღრმა მცოდნე, ფარისეველი, ფარისევლის ძე და გამალიელის — ფარისევლისა და იერუსალიმში რჯულის სახელოვანი მოძღვრის — მოწაფე იყო. ის მოციქულმა ანანიამ მონათლა. სახარებას ქადაგებდა და მოიარა აზია, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა. მსახურების საქმე რომ აღასრულა, მანაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე: ნერონის მეფობისას რომში თავი მოჰკვეთეს — ზოგის თქმით, იმავე დროს, როცა პეტრე ჯვარს აცვეს.