ხსენების დღე: 18 (31) იანვარი
წმინდა კირილეც ალექსანდრიიდან იყო და დაახლოებით 376 წელს დაიბადა. ის ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს ძმისწული იყო, რომელიც წმინდანს ახალგაზრდობაში მოძღვრავდა. ჯერ დიდხანს ნიტრიელ ბერებთან დაჰყო, შემდეგ კი 412 წელს ბიძის ტახტი დაიკავა. 429 წელს, როცა კირილემ კონსტანტინოპოლის ახალი პატრიარქის, ნესტორის, სწავლების შესახებ შეიტყო, კერძო წერილებით ცდილობდა, ნესტორი განკაცების შესახებ მწვალებლური სწავლების უარყოფამდე მიეყვანა. როცა მწვალებელმა არ მოინანია, წმინდა კირილემ რომის პაპ კელესტინესთან ერთად მართლმადიდებლური წინააღმდეგობა წარმართა. წმინდა კირილე თავმჯდომარეობდა 200 წმინდა მამის მესამე მსოფლიო კრებას 431 წელს, რომელიც წმინდა თეოდოსი უმცროსის დროს ეფესოში შეიკრიბა. ამ კრებაზე თავისი ბრძნული სიტყვებით მან შეარცხვინა და ამხილა ნესტორის უღმრთო სწავლება; ნესტორი კი, თუმცა ქალაქში იმყოფებოდა, კირილეს წინაშე წარდგომაზე უარს ამბობდა. ნესტორის ცთომილების დამხობის გარდა, წმინდა კირილემ ეკლესიას ლუკასა და იოანეს სახარებების სრული განმარტებები დაუტოვა. ქრისტეს ეკლესიის ოცდათორმეტწლიანი მწყემსვის შემდეგ ის 444 წელს მიიცვალა.