პეტრე გალილეის ბეთსაიდიდან იყო. ის იონას ძე და ანდრია პირველწოდებულის ძმა იყო. ხელობით მეთევზე, უწიგნური და ღარიბი, სიმონი ერქვა; შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ მას პეტრე უწოდა. ქრისტეს აღდგომისა და სული წმინდის მოფენის შემდეგ ის იუდეაში, ანტიოქიასა და აზიის ზოგ მხარეში ქადაგებდა და ბოლოს რომში მივიდა, სადაც ნერონმა თავდაყირა აცვა ჯვარს; ასე ავიდა ის საუკუნო სავანეში დაახლოებით 66 ან 68 წელს და ქრისტეს ეკლესიას ორი კათოლიკე ეპისტოლე დაუტოვა.
პავლე წარმოშობით იუდეველი იყო, ბენიამინის ტომიდან, სამშობლოდ ტარსუსი ჰქონდა. ის რომის მოქალაქე იყო, ბერძნული ენის მცოდნე, სჯულის დიდი მცოდნე, ფარისეველი, ფარისევლის ძე და იერუსალიმში სჯულის ცნობილი მოძღვრის, ფარისეველი გამალიელის, მოწაფე. ის მოციქულმა ანანიამ მონათლა. სახარებას ქადაგებდა და აზიასა და აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა. თავისი მსახურების საქმე რომ დაასრულა, სიცოცხლეც მოწამეობრივად დაასრულა: ნერონის მეფობისას რომში თავი მოჰკვეთეს, ზოგის აზრით, იმავე დროს, როცა პეტრე ჯვარს აცვეს.