გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · წინასწარმეტყველნი

ოსია წინასწარმეტყველითავი 14

10 მუხლი · ≈ 1 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ბავშვები აიკუწებიან და მათი ორსულნი გაიფატრებიან.

2მოიქეც, ისრაელ, უფლისკენ, შენი ღვთისკენ, რადგან წაფორხილდი შენს უკეთურებაზე.

3შეიგონეთ სიტყვები და მიიქეცით უფლისკენ. უთხარით, სრულიად აგვხადე-თქო უკეთურება, მიითვალე სიკეთე და ხბოების ნაცვლად ჩვენს ბაგეებს შემოგწირავთ-თქო მსხვერპლად.

4ვეღარ გვიხსნის-თქო აშური, ცხენებზე აღარ ავმხედრდებით და ჩვენს ღმერთებად აღარ შევრაცხავთ-თქო ჩვენსავე ნახელავს, რადგან მხოლოდ შენში ჰპოვებს შებრალებას ობოლი.

5განვკურნავ მათ განდგომილებისგან და ნებისაებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი.

6ვიქნები ცვარი ისრაელისთვის; აყვავდება როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს.

7განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი.

8დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს.

9რაღა მესაქმება, ეფრემ, კერპებთან? მე შევიწყნარე და მივხედავ მას; მე ამწვანებული ალვა ვარ, ჩემგან გექნება შენ ნაყოფი.

10ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →