გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · წინასწარმეტყველნი

ეზეკიელ წინასწარმეტყველითავი 9

11 მუხლი · ≈ 2 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1ჩამძახა ყურში მაღალი ხმით და მითხრა: ახლოს მოდექით, ქალაქის დამსჯელნო, თითოეული თავისი დამღუპველი იარაღით ხელში!

2აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და თითოეულს ხელში თავისი შემმუსვრელი იარაღი უჭირავს; ერთი მათგანი სელით არის შემოსილი და მწერლის სამელნე აქვს წელზე. მოვიდნენ და დადგნენ რვალის სამსხვერპლოსთან.

3ისრაელის ღვთის დიდება ასცილდა ქერუბიმს, რომელზედაც იყო ის, და გაემართა ტაძრის ზღურბლისკენ; მოუწოდა სელით შემოსილ კაცს, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე.

4უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.

5სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ.

6მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან.

7უთხრა მათ: გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით. ისინიც გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.

8როცა მათ გაავლეს მუსრი, მე კი გადავრჩი, პირქვე დავემხე, შევღაღადე და ვუთხარი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაწყვეტ ისრაელის მთელს ნატამალს შენი რისხვის გადმოღვრით იერუსალიმზე?

9მითხრა: დიდზე დიდია ისრაელის და იუდას სახლის ეკეთურება; სისხლით აივსო ქვეყანა და ქალაქი უწმიდურებით არის სავსე, რადგან ამბობენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეეანა და ვერაფერს ხედავსო უფალი.

10მეც ასე მოვიქცევი: არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ. მათ თავზევე მოვაქცევ მათსავე საქმეებს.

11აჰა, კაცმა, სელით შემოსილმა, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე, მოიტანა პასუხად სიტყვა: შევასრულე, როგორც მიბრძანე.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →