გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ძველი აღთქმა · წინასწარმეტყველნი

ეპისტოლე იერემიასითავი 1

72 მუხლი · ≈ 7 წთ

ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.

ძველი ქართული ტექსტი — სეპტუაგინტა →რატომ სეპტუაგინტა?

1ღვთის წინაშე რომ ჩაიდინეთ, იმ ცოდვების გამო იქნებით წაყვანილი ტყვეებად ბაბილონში.

2ბაბილონში რომ მიხვალთ, მრავალ წელიწადს, დიდხანს დაჰყოფთ იქ, მეშვიდე თაობამდე, ხოლო ამის შემდეგ გამოგიყვანთ იქიდან მშვიდობით.

3ახლა კი, ბაბილონში იხილავთ ოქროს, ვერცხლისა და ხის ღმერთებს, რომლებსაც მხრებით დაატარებს ხალხი და რომლებიც შიშისზარს სცემენ წარმართებს.

4ფრთხილად იყავით, თქვენც არ დაემსგავსოთ უცხოელებს და მათმა შიშმა არ შეგიპყროთ, როცა დაინახავთ მათ წინ და უკან მოთაყვანე ბრბოს.

5არამედ თქვით გულში: შენი თაყვანისცემა გვმართებს, უფალო.

6რადგან თქვენთან არის ჩემი ანგელოზი და ის იფარავს თქვენს სულებს.

7მათი ენა ხომ ხელოსნის ხელითაა გამოთლილი, თავად კი ოქროთი და ვერცხლით არიან დაფერილი, მაგრამ ცრუნი არიან და ლაპარაკი არ შეუძლიათ.

8თითქოს სამკაულის მოყვარული ქალწულები იყვნენ, ისე უმკობენ თავს ოქროსგან ნაკეთები გვირგვინებით თავიანთ ღმერთებს.

9ზოგჯერ ასეც ხდება, რომ ქურუმები თავიანთ ღმერთებს ჩუმად ჰპარავენ ოქრო-ვერცხლს და საკუთარი საჭიროებისთვის იყენებენ, ან მეძავებს ახარჯავენ საროსკიპოებში.

10ადამიანებივით ამკობენ სამოსელით ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს, რომელთაც ჟანგისა და ჩრჩილისგანაც კი ვერ დაუცავთ თავი.

11ძოწეულის მოსასხამი მოსავთ, პირისახიდან მოწმენდილი აქვთ მტვერი, რომელიც უხვად ედებათ საკერპოებში;

12ხელთ კვერთხი უპყრია ქვეყნის მსაჯულივით, მაგრამ თავისი შეურაცხმყოფელის მოსპობა კი არ შეუძლია;

13მარჯვენაში მახვილი უპყრია და ცული, მაგრამ ბრძოლისგან და ავაზაკებისგან თავის დაღწევა არ შეუძლია.

14აქედან ჩანს, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი.

15რადგან, როგორც გატეხილი ჭურჭელია გამოუსადეგარი მისი პატრონისთვის, ასევე მათი ღმერთები, საკერპოებში რომ არიან დაყენებული.

16თვალები მტვერით აქვთ ამოვსებული, შემომსვლელთა ფეხს რომ მოჰყვება;

17და როგორც მეფის შეურაცხმყოფელს ჩაუკეტავენ კარებს ყოველი მხრიდან სიკვდილმისჯილივით, ასევე მათ საკერპოებს იცავენ ქურუმები კარებებით, ბოქლომებითა და ურდულებით, რომ ავაზაკებმა არ გაძარცვონ.

18მათ უფრო მეტად უნთებენ ლამპრებს, ვიდრე თავიანთ თავს, თუმცა არცერთის დანახვა მათ არ ძალუძთ.

19სახლის კოჭებივით არიან; ამბობენ, ამოღებულია მათი გულებიო, თავად მათ და მათ სამოსელს მიწის ჭიები ჭამენ, თავად კი ვერაფერს გრძნობენო.

20მათი პირისახე საკერპოდან ადენილი კვამლით არის გამურული;

21ტანზე და თავზე ღამურები, მერცხლები და სხვა ფრინველები ასხდებიან, ზოგჯერ კი კატებიც.

22აქედან გაიგებ, რომ არ არიან ისინი ღმერთები; ნუ გეშინიათ მათი.

23ხოლო ოქრო, რომლითაც ისინი სილამაზისთვის არიან დაფარულნი, არ ბრწყინავს, თუ ვინმემ ჟანგისგან არ გაწმიდა. როცა ასხამდნენ მათ, ვერაფერს გრძნობდნენ.

24დიდ ფასად არიან ნაყიდნი, სული კი არ უდგათ.

25ფეხები არა აქვთ და მხრებით დაატარებენ, საკუთრ უძლურებას ამჟღავნებენ კაცთა წინაშე. შერცხვენილი არიან ისინიც, ვინც მათ ემსახურება, რადგან ძირს თუ დაეცნენ, თავისით ვერ წამოდგებიან.

26და თუ ვინმე წამოაყენებს, თავისით ვერ დაიძვრება ადგილიდან; თუ გადახრის ვინმე, თავისით ვეღარ გასწორდება; ძღვენსაც ისე მიართმევენ, როგორც მკვდრებს.

27მათთვის შეწირულ მსხვერპლს ქურუმები ყიდიან და საკუთრად იყენებენ; მათი ცოლები ნაწილს ამარილებენ, არც ღარიბ-ღატაკთ ურიგებენ, არც საპყრებს. მათი მსხვერპლის მიკარებას მირეული და თვეში ჩამდგარი ქალებიც კი ბედავენ.

28ამით გეცოდინებათ, რომ ღმერთები არ არიან ისინი, და არ შეგეშინდებათ მათი.

29რადგან როგორ უნდა იწოდებოდნენ ისინი ღმერთებად, როცა ქალებიც კი სწირავენ მსხვერპლს ვერცხლის, ოქროსა და ხის ღმერთებს?

30მათ საკერპოებთან ეტლებით მიდიან დახეული კვართებით შემოსილი ქურუმები, თმაწვერმოპარსულნი და თავშიშველნი;

31მოთქვამენ და გოდებენ თავიანთი ღმერთების წინაშე, როგორც მკვდრის ქელეხში იციან.

32მათი შესამოსელიდან ნაწილი ქურუმებს მიაქვთ შინ და ცოლ-შვილს მოსავენ.

33ვერც ბოროტისმყოფელს მიუზღავენ სამაგიეროს და ვერც კეთილისმყოფელს; არც მეფის დაყენება ძალუძთ და არც მისი გადაყენება.

34ასევე, არც სიმდიდრის მიცემა შეუძლიათ ვინმესთვის და არც სპილენძის ფულისა; თუ ვინმე აღთქმას მისცემს და არ შეუსრულებს, ვერ მოჰკითხავენ;

35სიკვდილისგან ვერ იხსნიან ვაცს და ვერც სუსტს დაიცავენ მძლავრისგან;

36ბრმას თვალისჩინს ვერ დაუბრუნებენ და გაჭირვებულ კაცს ვერ შეეწევიან;

37ქვრივოხერს ვერ შეიწყალებენ და ობოლს კეთილს ვერ უყოფენ.

38მთის ლოდებივით არიან ხისგან გაკეთებული, მოვერცხლილი და მოოქროვილი ღმერთები; მათი თაყვანისმცემელნი კი შერცხვებიან.

39როგორ უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად?

40თავად ქალდეველთაგან არიან ისინი შეურაცხყოფილნი: დაინახავენ ვინმე მუნჯს, ლაპარაკი რომ არ შეუძლია, და მიჰყავთ ბელთან და ევედრებიან, ხმა ამოადებინოს კაცს, თითქოს ბელს რამე ესმოდეს.

41ამის შემხედვარენი მაინც არ ეშვებიან მათ, რადგან გაგება არა აქვთ.

42გზებზე სხედან წელშემოსარტყლული ქალები და ფიჭვის საკმეველს აკმევენ;

43როცა ერთ მათგანს გამვლელი კაცი წაიყვანს და დაწვება მასთან, იგი თავის მეზობელ ქალს დასცინებს, რომ მასავით პატივის ღირსი არ შეიქნა და რომ არ შეხსნილა მისი სარტყელი.

44ყველაფერი, რაც მათთვის კეთდება, სიყალბეა. მაშ, რისთვის უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად?

45დურგლებისა და ოქრომჭედლების ხელით არიან ნაკეთები; სხვა რა უნდა იყვნენ, გარდა იმისა, რასაც მათი ოსტატები ისურვებენ.

46თვით მათი შემქმნელნიც ვერ იქნებიან დღეგრძელნი და მათი ხელიდან გამოსულები როგორღა უნდა იყვნენ ღმერთები?

47მხიალოდ სიცრუე და სირცხვილი დაუტოვეს თავიანთ შთამომავლობას.

48როდესაც ომი ან უბედურება დაატყდებათ თავს, ქურუმები ერთმანეთში ბჭობენ, სად გაიხიზნონ კერპებთან ერთად.

49მაშ, რატომ ვერ ხვდებიან, რომ არ არიან ღმერთები ისინი, ვისაც საკუთარი თავი ომისა და უბედურებისაგან ვერ დაუხსნიათ.

50რაკი ხისგან არიან გაკეთებული და ოქროთი და ვერცხლით დაფერილი, ამაზე მიხვდებით, რომ ცრუნი არიან ისინი. ყველა ხალხისთვის და მეფისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ისინი ღმერთები კი არ არიან, რამედ კაცის ხელით ნაკეთებნი, რომ ღვთის ხელი არ ურევია მათ შექმნაში.

51მაშ, ვიღასთვის უნდა იყოს გაუგებარი, რომ ღმერთები არ არიან ისინი?

52მეფეს ისინი ვერ დასვამენ ქვეყანაში და ვერც წვიმას მოუყვანენ ადამიანებს.

53ვერც სამართალს გააჩენენ და ვერც დაჩაგრულს დაიცავენ, რადგან თავად უმწეონი არიან; ისინი ყორნებივით არიან ცასა და მიწას შორის.

54როცა ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი ღმერთების სახლს ცეცხლი გაუჩნდება, ქურუმები თავის გადასარჩენად გარბიან, ღმერთები კი სახლის კოჭებივით შუაზე იწვებიან.

55ვერც მეფეს და ვერც მომხდურ მტერს ვერ აღუდგვბიან წინ.

56მაშ, როგორღა უნდა შეირაცხონ ან იწოდონ ისინი ღმერთებად?

57ვერც ქურდებისგან და ავაზაკებისგან ვერ დაიცავენ თავს ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი ღმერთები, რადგან მომხდურნი მათ აღემატებიან ძალით; სტაცებენ ოქრო-ვერცხლს და შესამოსელს, რითაც არიან შემოსილნი, და მიდიან ნადავლით, ამათ კი თავის შველა არ შეუძლიათ.

58ამგვარად, უმჯობესია მამაცი მეფე ან საოჯახო რამ ჭურჭელი, რომელსაც სარგებლობა მოაქვს პატრონისთვის, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები; ანდა სახლის კარი, რომელიც ქონებას იცავს, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები; ან ხის სვეტები მეფის სასახლეში, ვიდრე ეს ცრუ ღმერთები.

59მზე და მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისთვის არიან დადგენილნი, მორჩილები არიან;

60ასევე - ელვაც, როცა ელავს, ყველაფერს ანათებს; და ქარიც ქრის ყველა მხარეში;

61ასევე ღრუბლებიც, როცა ღვთისგან აქვთ ნაბრძანები, მთელს დედამიწას გადაუარონ, ასრულებენ ამ ბრძანებას; ასევე მთებისა და ტყეების მოსასპობად ცით მოვლენილი ცეცხლიც ასრულებს ნაბრძანებს.

62ესენი კი არც სახით და არც ძალით არ ჰგვანან მათ.

63ამიტომაც არ უნდა შეირაცხონ და არც უნდა იწოდებოდნენ ისინი ღმერთებად, რადგან არ ძალუძთ არც სამართლის გაჩენა და არც კაცთათვის სიკეთის ქმნა.

64როცა გეცოდინებათ, რომ ღმერთები არ არიან ისინი, არ შეგეშინდებათ მათი.

65მეფეებს ვერც შეაჩვენებენ და ვერც დალოცავენ,

66ნიშნებს ვერ აჩვენებენ ცაზე და ხალხში, ვერც მზესავით იბრწყინებენ და ვერც მთვარესავით გაანათებენ.

67ცხოველები სჯობიან მათ, რადგან ისინი თავიანთ ბუნაგს მაინც მიაშურებენ და თავს უშველიან.

68არაფრით არ ჩანს, რომ ისინი ღმერთები იყვნენ; ამიტომ ნუ გეშინიათ მათი.

69რადგან როგორც საფრთხობელა ვერ იცავს ბოსტანში ვერაფერს, ასევე არიან მათი ღმერთები, ხისგან ნაკეთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი.

70კიდევ გვანან ეკლის ბუჩქს ბაღში, რომელსაც ყველა ჩიტი აჯდება ზედ, ან გვამს, ბნელში დაგდებულს, მათი ხის ღმერთები, მოოქროვილი და მოვერცხლილი.

71მათი ძოწეულის და სელის სამოსელზე, რომელიც ლპება მათ ტანზე, მიხვდებით, რომ ღმერთები არ არიან ისინი, რომ თავადაც საბოლოოდ დაილევიან და სირცხვილად დარჩებიან ქვეყანაზე.

72ამიტომაც უმჯობესია მართალი კაცი, ვისაც კერპი არ ჰყავს, რადგან შორს იქნება იგი სირცხვილისგან.

ბიბლია და სახარება — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →