პირველი ნეშტთათავი 17
ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი — მასორეტული (ებრაული) ტექსტიდან. მართლმადიდებელი ეკლესია ძველ აღთქმას სეპტუაგინტით — მოციქულთა ბიბლიით — კითხულობს.
1როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა დავითმა ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ჩარდახქვეშ არის.
2უთხრა ნათანმა დავითს: გააკეთე, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი.
3იმ ღამეს იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:
4წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?
5მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც მე ისრაელი გამოვიყვანე და მე დღემდე კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვიმყოფები.
6ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
7ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან, წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.
8ყველგან შენთან ვიმყოფებოდი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე, განვადიდე შენი სახელი მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე.
9ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დაეაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად დ ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად.
10იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრებისგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
11როცა დრო მოვა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.
12ის ამიშენებს სახლს და მე გავამტკიცებ მის ტახტს სამარადისოდ.
13მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი.
14დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში სამარადისოდ, მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.
15თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.
16მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!
17ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. შენ მომხედე როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო ღმერთო ჩემო.
18კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა შენი მორჩილის განსადიდებელი? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო.
19უფალო, შენი მორჩილისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოამჟღავნო მთელი შენი სიდიადე.
20უფალო, არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.
21თუ არის ამ ქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც მოვლენოდეს ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდოს იგი, რომ ექციოს თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადოს და ჩაედინოს დიადი და საკვირველი ამბები, ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტიდან და ხალხებისაგან.
22შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი.
23ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მორჩილზე და მის სახლზე, განმტკიცდეს სამარადისოდ, და ქმენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს.
24იძლიეროს და იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: უფალი ღმერთი ისრაელისა ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი,
25რადგან შენ გამოუცხადე ღმერთო, შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.
26ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი მორჩილისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.
27ახლა შენ დალოცე შენი მორჩილის სახლი, რათა სამარადისოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება სამარადისოდ.



