
სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი
სიონი თბილისის საკათედრო ტაძარია V საუკუნიდან დღემდე, ხოლო 1920 წლიდან — საპატრიარქო ტაძარი. დგას მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე.
ამ ადგილას პირველი ეკლესია ვახტანგ გორგასლის დროს უნდა აშენებულიყო, საეპისკოპოსო კათედრად; ტაძარს საფუძვლად დაედო გეთსამანიის ბაღში, ღვთისმშობლის მიძინების ადგილზე აღმართული ტაძრის გეგმა. მშენებლობა გრძელდებოდა დაჩისა და გუარამ კურაპალატის დროსაც და დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს დროს, 620-იან წლებში.
„ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს: „...შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერმე-კურაპალატადცა... და ტფილისს სამკვიდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერისთავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე“.
პლატონ იოსელიანის ცნობით, ტაძარი 575-639 წლებში შენდებოდა. მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ვინმე მდიდარმა ქვრივმა, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.
ტაძარში დაცულია საქართველოს უდიდესი სიწმიდე — წმიდა ნინოს ჯვარი, ვაზის ლერწმისგან შეკრული და წმიდანის თმით შეკვრილი.



