
ჯვარის მამის ეკლესია
ჯვარის მამა ძველი თბილისის ისტორიულ უბან ქვემო კალაშია. ჩვენამდე მოღწეული ძეგლი XVI საუკუნეშია აგებული.
დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონის მიხედვით, „ჯვარის მამა“ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. 1921 წლამდე ძეგლი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და საუკუნეების მანძილზე თავისი სახსრებით ინახავდა იერუსალიმის ქართველთა მონასტერს.
ჯვარის მამა მცირე ზომის, აგურით ნაგები გუმბათოვანი ეკლესიაა (9,25 × 13,15 მ), ე.წ. „კუპელჰალეს“ ტიპისა: გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და გრძივი კედლებიდან გამოსულ შვერილებს.



