
წმიდა ღირსი მამა გაბრიელი (ურგებაძე), აღმსარებელი და სალოსი (+1995)
Это житие есть на русском языке →This life is also in English →წმიდა გაბრიელი — ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე — დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში, ნავთლუღში, და იქვე, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიაში მოინათლა. მამა, ვასილ ურგებაძე, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იყო და 1931 წელს დაიღუპა; გოდერძი მცირეწლოვანი დარჩა ობლად.
თბილისის 24-ე სკოლის ექვსი კლასის შემდეგ, 1949 წელს, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და ბათუმში მსახურობდა. არმიის სიმკაცრის მიუხედავად ეკლესიაში სიარულს ახერხებდა — სწორედ იქ შეისწავლა ხუცური დამწერლობა.
სამსახურიდან დაბრუნებულმა, 1951-1955 წლებში, საკუთარ ეზოში ოთხგუმბათიანი ეკლესია ააგო. ხელისუფლება რამდენჯერმე შეეცადა მის დანგრევას, მაგრამ ტაძარი დღემდე დგას თბილისში, გია ბაქარაშვილის ქუჩაზე.
1955 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში დიაკვნად აკურთხეს, ხოლო იმავე წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ბერად აღკვეცა და, მისივე თხოვნით, წმიდა გაბრიელ ათონელის პატივსაცემად გაბრიელი უწოდა. 27 თებერვალს მღვდელმონაზვნად იკურთხა.
1965 წლის 1 მაისს, კომუნისტური აღლუმის დროს, მამა გაბრიელმა ლენინის თორმეტმეტრიანი პორტრეტი დაწვა. დაკითხვაზე თქვა: „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა — ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს“.
მას უპირობო დახვრეტის მუხლი მიუყენეს. რეჟიმის მესვეურები მოითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით ჩაიდინა, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს სთავაზობდნენ. ხანგრძლივი ტანჯვის მიუხედავად პოზიცია არ შეუცვლია. ბოლოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც უკიდურესად არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა და მეფე მირიანის კოშკში ცხოვრობდა. იქ მიდიოდა მასთან ხალხი რჩევისა და ლოცვისათვის.
1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იგი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წლის 2 ნოემბერს მამა გაბრიელი აღესრულა და, ანდერძისამებრ, ბერმონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2012 წლის 20 დეკემბერს იგი წმინდანად შერაცხა — „წმიდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი“. ხსენების დღეა 2 ნოემბერი (ძვ. სტ. 20 ოქტომბერი).








